ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის იურისტი, ეკა ლომიძე ფიქრობს, რომ მამა გიორგი მამალაძის ბრალეულობაზე მტკიცებით ფორმაში საუბარი მიუღებელია, რადგან ეს უკვე საზოგადოებრივ აზრს აყალიბებს. დეკანოზი გიორგი მამალაძე მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მოწამვლის მცდელობაშია ბრალდებული.
„როდესაც ადამიანის მიმართ არ არსებობს კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რითაც დასტურდება მისი ბრალეულობა, რა თქმა უნდა, ეს ადამიანი ითვლება უდანაშაულოდ,“ - აცხადებს ეკა ლომიძე.
მისი აზრით, ბრალდებული მამა გიორგის საკითხზე ბოლო დღეებში გავრცელებული კომენტარები მისი უდანაშაულობის პრეზუმციას არღვევს და მისი დამნაშავედ გამოცხადება არასწორია.
„რა თქმა უნდა, ადამიანებს თავიანთი მოსაზრება აქვთ და შეუძლიათ ეს მოსაზრება გაავრცელონ, მაგრამ რასაც ჰქვია უკვე უდანაშაულობის პრეზუმციის დარღვევა, როდესაც ჩვენ პრეტენზია გვაქვს, რომ ჩვენ ვართ დემოკრატიული სახელმწიფო და ჩვენ გვაქვს რეალური ამისი პრეტენზიები, არ შეიძლება, მითუმეტეს მაღალი თანამდებობის პირების მიერ, ასეთი განცხადებების გაკეთება,“ - განაცხადა ეკა ლომიძემ.
ის ამბობს, რომ დღეს დაცვის მხარეს არგუმენტირებული პასუხის გაცემის საშუალებაც წართმეული აქვს, რადგან გაუთქმელობის დოკუმენტზე აქვს ხელი მოწერილი.
ეკა ლომიძის აზრით, პროკურატურის მიერ ნახსენები, საქმეში არსებული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნების აუცილებლობა ჯერ არ დგას, რადგან, სხვა შემთხვევაში, გაუთქმელობის ხელწერილი არ იქნებოდა დადებული.
მისი აზრით, დღეს მთავარი პრობლემა არის მამა გიორგის უდანაშაულობის პრეზუმცია და ის საკითხი, რომ დაცვის მხარეს არ აქვს საშუალება საკუთარი სიმართლე დაამტკიცოს.
ეკა ლომიძემ დღეს დაკავებული მამა გიორგი მამალაძე მოინახულა. ის აცხადებს, რომ დეკანოზი დანაშაულს არ აღიარებს და მისი ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრი ამ საქმეზე მონიტორინგს განაგრძობს.