კორცხელის ინციდენტში მონაწილე სპორტსმენები ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში - დღეს ცნობილი გახდა, რომ გიორგი იანტბელიძე, ჭიდაობის ეროვნულ ფედერაციაში მთავარ მწვრთნელად აირჩიეს. ის ერთ-ერთი იყო იმ სპორტსმენთაგან, ვინც სოფელ კორცხელში მოწყობილ დარბევაში იღებდა მონაწილეობას.
გიორგი იანტბელიძე არ არის ერთადერთი შემთხვევა. ასევე, სისხლიანი დარბევიდან რამდენიმე თვეში ვლადიმერ გეგეშიძის ძმა, გეგა გეგეშიძე ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტად დაინიშნა.
ის ფედერაციის პრეზიდენტი მას შემდეგ გახდა, რაც მისმა ძმამ ვლადიმერ გეგეშიძემ კორცხელის მოვლენებში მონაწილეობა მიიღო. ვლადიმერ გეგეშიძე ერთ-ერთი იყო მათ შორის, ვინც ნაციონალური მოძრაობის წევრებს ყველაზე სასტიკად გაუსწორდა.
დღეს გეგა გეგეშიძე მის დანიშვნასა და კორცხელის ინციდენტში მისი ძმის მონაწილეობას შორის კავშირს ვერ ხედავს. ის აცხადებს, რომ გიორგი იანტბელიძის შესახებ ინფორმაცია არც მას გააჩნდა. თუმცა, ცნობილია, რომ იანტბელიძე სწორედ ვლადიმერ გეგეშიძის ახლო მეგობარია.
ის, რაც ფედერაციის პრეზიდენტს არც უნახავს და არც გაუგია, დაადასტურა კამერებთან თავად გიორგი იანტბელიძემ ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ. მას არ უარყვია, რომ ქართული ოცნების მხარდამჭერია და კორცხელში საგანგებოდ იყო ჩასული.
კორცხელის დარბევას გადაცდომას უწოდებს უმრავლესობა. გია ვილსკი ამბობს, რომ პრობლემას მსგავს ინციდენტებში მონაწილე პირების დაწინაურებაში ვერ ხედავს.
ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც დარბევის დროს კორცხელში იმყოფებოდნენ, აცხადებენ, რომ სპორტსმენები სწორედ ხელისუფლების დავალებას ასრულებდნენ.
კორცხელის ინციდენტში 20-მდე სპორტსმენი მონაწილეობდა.
ავტორი: ეკა გაგუა.