05 ნოემბერი 2024,   23:07
ვრცლად
"სკანდალური წერილი" - ფინანსთა სამინისტრო საპატრიარქოს ქონებასთან დაკავშირებულ დარღვევებზე ინფორმაციას არ ფლობს

მაღალი სასულიერო იერარქიის პირის მოწამვლის მცდელობის საქმეზე ბრალდებული, დეკანოზი გიორგი მამალაძის პოზიცია დღეს მისმა ადვოკატმა გაასაჯაროვა და სკანდალური წერილის შინაარსის ნამდვილობა დაადასტურა. გიორგი ფანცულაია ამბობს, რომ დეკანოზმა ფინანსური დარღვევების შესახებ წერილი სინოდს რამდენჯერმე გაუგზავნა და გამოძიებაც მოითხოვა, თუმცა საკითხი სინოდმა დაბლოკა.

გიორგი მამალაძის ვრცელ წერილში არა ერთი მსხვილი საწარმო და ობიექტია დასახელებული, რომლიდანაც, დეკანოზის მტკიცებით, სარგებელს არა ეკლესია, არამედ კონკრეტული სასულიერო და საერო პირები იღებენ. ადვოკატმა განცხადება საკანში დეკანოზ მამალაძის მონახულების შემდეგ გააკეთა.

თბილისის პირველი პოლიკლინიკის შენობა, სასტუმრო ყაზბეგი რუმსის შენობა, არამიანცის თერაპიული კორპუსი - ეს იმ შენობების არასრული ჩამონათვალია, რომლის ნაწილიც სკანდალური წერილის მიხედვით, იურიდიულად საპატრიარქოს კუთვნილებაში, მაგრამ კერძო პირების მიერ მითვისებულია, ნაწილი კი ბუნდოვანი გარიგების საფუძველზე გასხვისებული.

ხორციელდება თუ არა დასახელებული ქონების მიხედვით, შესაბამისი გადასახადის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტში და ვის მიერ, უცნობია. ფინანსთა მინისტრის მოადგილე, ინფორმაციას არ ფლობს.

გუშინ გასაჯაროებულ წერილში მამა გიორგი მამალაძე იმ სავარაუდო დარღვევის შესახებაც მიუთითებს, როდესაც ფინანსური დავალიანების მქონე მიწის ნაკვეთი თუ შენობა სახელმწიფოს მიერ საპატრიარქოს დავალიანებით გადაეცემა.

დეკანოზი ბობოყვათის რეზიდენციაზე საუბრობს და განმარტავს, რომ სწორედ სახელმწიფოდან გადმოყოლილი დავალიანების გამო, იქ მცხოვრები სასულიერო პირები ბუნებრივი აირითა და ელექტროენერგიით ვერ სარგებლობენ.

კურიერმა ფაქტის გადამოწმება ადგილზე სცადა, თუმცა დაცვის სამსახურმა ამის საშუალება არ მისცა. სკანდალური წერილის მიხედვით კი, დეკანოზი საპატრიარქოს ფინანსების შესწავლას აუდიტის სამსახურისგან ითხოვს.

ავტორი: ეკო მაღრაძე.

დღის ამბები