მამა გიორგი მამალაძის ადვოკატი, მია ზოიძე, აცხადებს, რომ წერილი, რომელიც რუსთავი2-ის ეთერით გუშინ გავრცელდა, შინაარსობრივი ფორმით ნამდვილად ემთხვევა იმ წერილებს, რომლებითაც მამა გიორგიმ არაერთხელ მიმართა სინოდს და პატრიარქს, რაც 2015 წლის დეკემბრიდან ხდებოდა.
როგორ მამა გიორგი ამბობს, მას არაერთხელ სურდა ამ პრობლემებზე სინოდის წინაშე ელაპარაკა, თუმცა ხშირად მისი დაბლოკვა ხდებოდა.
ადვოკატი საქმეში შორენა თეთრუაშვილის ფიგურირების საკითხზე ინფორმაციას ვერც უარყოფს და ვერც ადასტურებს.
"პროცედურულ დარღვევებთან დაკავშირებით ჩვენც, მის დამცველ ადვოკატებს, ბევრი კითხვის ნიშანი გვაქვს, მაგრამ გასაგები მიზეზების გამო, დეტალებში ამ ეტაპზე, ვერ შევდივართ, სახალხო დამცველისგან განსხვავებით," - აცხადებს მია ზოიძე.
ის აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველი მამა გიორგის საქმეში საკმაოდ კომპეტენტურია და მისი პოზიცია მამა გიორგის ადვოკატების პოზიციას ემთხვევა.
მია ზოიძის თქმით, ბევრი კითხვის ნიშანი არსებობს საქმეში. მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ შეზღუდვის გამო ბევრ საკითხზე საუბარი არ შეუძლია.
„ჩვენ უკვე მოვითხოვეთ დღეს, მივმართეთ საქართველოს მთავარ პროკურატორს, ირაკლი შოთაძეს და ვთხოვეთ, ვინაიდან ჩვენ არათანაბარ ვითარებაში ანუ დაცვის მხარე და ბრალდების მხარე არათანაბარ ვითარებაში ვართ, ერთი მხარე თავის სასარგებლო არგუმენტებს აცხადებს მაშინ, როცა ჩვენ გვაქვს შეზღუდვა,“ - აცხადებს მია ზოიძე.
მამა გიორგი მამალაძის ადვოკატები ელოდებიან, რა გადაწყვეტილებას მიიღებს პროკურატურა.