დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმეზე დამატებით განმარტებებს ელოდებიან პროკურატურისგან ნაციონალური მოძრაობის წევრები. პარტიის ლიდერები ამბობენ, რომ პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსია არაერთ კითხვის ნიშანს აჩენს. ნინო კალანდაძე პროკურატურას ტყუილში ადანაშაულებს.
„ამ ვერსიის არადამაჯერებლობა მიუთითებს იმაზე, რომ პროკურატურა არ გვეუბნება სიმართლეს, პროკურატურა ტყუის და პროკურატურა სიმართლეს შეგნებულად გვიმალავს და ამის მცდელობა აშკარად სახეზეა,“-განაცხადა ნინო კალანდაძემ.
მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრების თქმით, საგამოძიებო უწყებამ მყარი არგუმენტები უნდა წარუდგინოს საზოგადოებას.
„პროკურატურას უნდა ჰქონდეს უფრო მკაფიო არგუმენტები და უფრო მეტი სათქმელი იმისათვის რომ რაღაც ვერსიაზე დავდგეთ და საზოგადოებას უფრო კარგად ესმოდეს ამ მძიმე ბრალდებების უკან რა დგას. დეკანოზ გიორგი მამალაძის მიერ მიცემულ ახსნა-განმარტებაში არ არის საუბარი სასულიერო პირზე. ეს კიდევ უფრო ართულებს ვითარებას,“-აცხადებს გიგი წერეთელი.
უმრავლესობა კი სახალხო დამცველს აკრიტიკებს იმ ახალი გარემოებებისა და საქმის მასალების გასაჯაროების გამო, რომლის შესახებაც უჩა ნანუაშვილმა დაკავებულ დეკანოზთან შეხვედრის შემდეგ ისაუბრა.
„თუკი ჩვენ გვწამს იმისი, რომ ამოღებული იყო კანონიერად და დადასტურებულია, რომ მას გერმანიაში მიჰქონდა საწამლავი, მაშინ რაღაცა ბრალდებებზე და ცილისწამებაზე ლაპარაკი ზედმეტია. შეშფოთებული ვარ იმითი, რომ ვიღაცამ სერიოზულად გაილაშქრა სახელმწიფოს წინაშე და სრული მორალური უფლება მაქვს ეს ჩემი შეშფოთება გამოვხატო,“-განაცხადა გია ვოლსკიმ.