05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
მხოლოდ ერთი ადამიანის გახურებულ თავში ეს სიბინძურე არ მოიხარშებოდა... - ე.წ. ციანიდის საქმის მთავარი მოწმე ირაკლი მამალაძე

სკანდალური საქმის სკანდალური გაგრძელება - დეკანოზ გიორგი მამალაძის ე.წ. ციანიდის საქმეზე, პროკურატურის მთავარი მოწმე კურიერთან საუბრობს.

ჟურნალისტი ირაკლი მამალაძე აცხადებს, რომ გამოძიებას ბევრი მტკიცებულება აქვს და ის ამ მტკიცებულებების მოპოვებაში სახელმწიფო ბრალდებას ეხმარებოდა.

ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მან მძიმე  დანაშაულის აღკვეთას შეუწყო ხელი.

„რაც გავაკეთე მინდა ვთქვა მთელი პასუხისმგებლობით, რომ მე მოვიქეცი როგორც კანონიერი მოქალაქე და მე ასე ვთქვათ ვითანამშრომლე გამოძიებასთან იქედან გამომდინარე, რომ საქმე გვქონდა უმძიმეს დანაშაულთან, რომლის აღკვეთა საბედნიეროდ მოხერხდა როგორც აცხადებენ. ორი არჩევანი მქონდა პირადად მე ან უნდა ვყოფილიყავი დანაშაულში ან უნდა მემხილებინა ადამიანები, რომლებიც გეგმავდნენ უმძიმეს დანაშაულს,“-აცხადებს მამალაძე.

მისივე თქმით, სავარაუდოდ ლიკვიდირების გეგმაში მამა გიორგი მამალაძე ერთადერთი ფიგურანტი არ იყო.  ჟურნალისტი აცხადებს, რომ საქმეში არსებობს ვიდეო და აუდიო მტკიცებულებები და არსებულ კითხვებზე პასუხი უნდა გასცეს როგორც გამოძიებამ ასევე მამა გიორგი მამალაძემ, რომელიც ამ მომენტისთვის დუმილის უფლებას იყენებს.

„ეს გამოძიებამ უნდა გამოკვეთოს რა თქმა უნდა. მხოლოდ ერთი ადამიანის გახურებულ თავში ეს სიბინძურე არ მოიხარშებოდა და ამის უკან რა თქმა უნდა სავარაუდოდ დგანან ადამიანები, არის უამრავი მტკიცებულება, არის ვიდეო და აუდიო ჩანაწერები, როგორც თქვეს და დაელოდოს საზოგადოება. თუ ასე ძალიან აინტერესებს საზოგადოების რომელიღაც ნაწილს თუ რა მოხდა, რა მტკიცებულებები აქვს პროკურატურას, მე ვფიქრობ უნდა შექმნან რაღაცა ჯგუფი, მოითხოვონ პროკურატურაში შესვლა და ნახონ ეს ჩანაწერები, თუ ეს არ გასაჯაროვდება. ძალიან ბევრ მტკიცებულებაზეა საუბარი, არა მარტო აუდიო და ვიდეო ჩანაწერებზე. საკმაოდ ბევრ მტკიცებულებებზეა საუბარი მინდა გითხრათ და ამას გამოძიება თვითონ იტყვის.

"ის ადამიანები, რომლებიც მე დღეს ასე საჯაროდ მლანძღავენ, მიპირისპირდებიან, მინდა მათ ვუთხრა რომ აუცილებლად შერცხვებათ მას შემდეგ რაც გამოძიება დადებს ფაქტს. თავიანთი თავების შერცხვებათ და მაშინ მათ ეძინათ, ქართველმა სამართალდამცავებმა აღკვეთეს უმძიმესი დანაშაული საქართველოში და გადაარჩინეს ქვეყანა იმ უბედურებას რაც იგეგმებოდა.

"არ ვიცი მე სავარაუდოდ ვისი მოკვლა იგეგმებოდა და ლიკვიდაცია, მე არ ვიცი. გამოვიდეს დუმილის უფლებას ვინც იყენებს და თქვას: სად მიდიოდა, რა მიჰქონდა, რატომ მიჰქონდა და ვინ იდგა მის უკან,“-განაცხადა ირაკლი მამალაძემ.

დღის ამბები