ჭყონდიდის მიტროპოლიტ მეუფე პეტრეს ბრალდებებს ქორ ეპისკოპოსი იაკობი ბერლინიდან პასუხობს. გუშინ, არჩევანში გაჟღერებულ ყველა თემასთან დაკავშირებით, ქორეპისკოპოსმა ვრცლად ისაუბრა. მეუფე იაკობი აცხადებს, რომ მის საქმეში ვერავინ ჩაერევა, პატრიარქის გარდა.
ასევე, მეუფე იაკობის განცხადებით, ოქროს თევზები, ასეთი ფორმულირებით მას პირველად ესმის. გარდა ამისა, მან აღნიშნა, რომ ყველა ცოცხალ ორგანიზმს აქვს პრობლემები, თუმცა მიუხედავად ამისა, ის თემები, რაც გაჟღერებული იქნა არჩევანში, არის გადამეტებული. ქორეპისკოპოსი ამბობს, რომ ეკლესია ყველასთვის ღიაა.
„გუშინ გავიგე და ეტყობა რაღაც ტერმინების შემოტანა უნდათ და ალბათ ფრთხილად უნდა იყვნენ, იმიტომ რომ ღირსებას, მიტროპოლიტი იქნება, მინისტრი თუ ვინც არ უნდა იყოს, არავის არ შევალახინებ,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
მეუფე იაკობმა, გუშინ გადაცემა არჩევანში, შორენა თეთრუაშვილის შესახებ გამოთქმულ მოსაზრებებთან დაკავშირებითაც ისაუბრა.
„არ ვიცი, ეტყობა მეუფე პეტრეს კურირებს და მეუფე პეტრეს აქვს პრობლემა მაგ ადამიანთან. ჩემთან პატრიარქის გარდა, ჩემს საქმეში ვერავინ ერევა. გუშინ გავიგე, ეტყობა ვიღაცამ ასწავლა და ახლა გამოდის მაგ სიტყვებით. ზოგადი პრობლემებია და არა ის, რომ საპატრიარქო ცუდად მუშაობს.
„შეუძლიათ სასამართლოში შეიტანონ და დამტკიცდება, რომ ცილისწამებაა. ჩემი სახელის შელახვა უნდათ ახლა," - განაცხადა მეუფემ.
მეუფე იაკობმა რუსული გავლენების შესახებ გაკეთებულ განცხადებებსაც პასუხობს.
„რუსულ გავლენებზე თვითონ მოიკითხონ. ერთადერთი ეპისკოპოსი ვარ, რომელსაც რუსეთი ვიზას არ მაძლევს. რასაც ის ლაპარაკობს, ჩვენი მხრიდან დანაშაული იქნებოდა. რვაჯერ სხვადასხვა ნომინაციაში გადამხტარი კაცი იყო ის,“ - განაცხადა მეუფემ.
მეუფე იაკობი აცხადებს, რომ ბერლინში მყოფი სასულიერო პირები ამ თემაზე პატრიარქთან ამ ეტაპზე არ საუბრობენ.
„ვინც ახლა შევა და ამ თემებზე დაუწყებს საუბარს, ის არის პირადი მტერი პატრიარქის. ჩავალთ, გამოჯანმრთელდება და მერე როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება,“ - განაცხადა მეუფემ.
მეუფე იაკობმა, იმ გავრცელებულ ახალ ვერსიასთან დაკავშირებითაც გააკეთა კომენტარი, სადაც ნათქვამია, რომ თითქოს ე.წ. ციანიდის თემა შორენა თეთრუაშვილის წინააღმდეგ იყო მიმართული.
„ეს რუსთავი 2-ის ვერსიაა, გიორგი გაბუნიას ვერსიაა და მას ათასი ვერსია აქვს ხოლმე. სერიოზულად რუსთავი 2-ის ვერსიას არ ვუყურებ მე. პროკურატურამ ბრძანა და მართლაც დაველოდოთ გამოძიებას. მე თუ რამეში ვარ დამანაშავე, უნდა დავისაჯო, ასევე არავის არ უნდა დავაფაროთ ხელი. ვისაც არ დასჯიან, გარწმუნებთ რომ ჩვენ დავსჯით,“ - განაცხადა მეუფე იაკობმა.
ავტორი: თამარ ნუცუბიძე.