პარლამენტის უმრავლესობის ნაწილი მზად არის საპატრიარქოს დაფინანსება გაუზარდოს. ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებასა და ეკლესიას შორის ფინანსური ურთიერთობის ჩარჩოებში ჩასმა აუცილებელია.
მათი აზრით, მკაცრად უნდა განისაზღვროს იმ კომპენსაციის ოდენობა, რომელიც მართლმადიდებელმა ეკლესიამ, კონკორდატით გათვალისწინებული პირობების თანახმად, სახელმწიფოსგან უნდა მიიღოს.
„კეთილ საქმეს ეკლესია და სახელმწიფო ერთად გააკეთებს, მე ამ შემთხვევაში ვგულისხმობს, იგივე თავშესაფრებს, უფასო სასადილოებს, სოციალურ პროექტებს, სადაც ეკლესია და სახელმწიფო შეიძლება ძალიან კარგი მოკავშირეები და პარტნიორები იყვნენ. ეს ფორმა თუ დაიხვეწება და პროექტები წინა პლანზე წამოვა და მერე უკვე მიზნობრიობა, პირველ ეტაპზე, შესაბამისად იქნება განსაზღვრული, შესაბამისად, კონტროლის მექანიზმებიც უფრო მაღალ დონეზე იქნება და არც ეკლესიისთვის არ უნდა იყოს ეს ალბათ რაიმე უხერხულობის მატარებელი,“ - განაცხადა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გედევან ფოფხაძემ.
ქართული ოცნების წარმომადგენლების აზრით, ხელისუფლების მხრიდან ეკლესიის საქმიანობაში ჩარევის მცდელობა წინა ხელისულების მხრიდან უფრო ხშირი იყო.
ავტორი: ელისო ჯარიაშვილი.