გივი თარგამაძე თბილისის პროკურატურაში იმყოფება. ის უკვე მეორედ მივიდა უწყებაში ადვოკატთან ერთად და 4 ოქტომბერს მისი ავტომანქანის აფეთქების საქმის მასალებს ეცნობა.
ევროპული საქართველოს წევრი საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა, რომლის მიხედვითაც უწყებამ საქმის ერთ-ერთი მთავარი ბრალდებული დამნაშავედ ცნო, თუმცა უკვე გათავისუფლებულია. დღეს გივი თარგამაძემ ღიად დაუკავშირა ბორის ჩაგუნავას გათავისუფლება ბიძინა ივანიშვილს. მისი განმარტებით, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, ყოფილ პრემიერმინისტრს უკავშირდება. თარგამაძე აცხადებს, რომ მისი ავტომობილის აფეთქების ფაქტი, სწორედ ივანიშვილის დაკვეთით განხორციელდა.
„საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, არის ბიძინა ივანიშვილის ღია განაცხადი შემდეგზე: პირველი, ის ამით ამბობს, რომ "დიახ, ჩემი დავალებით განხორციელდა ტერაქტი" და მეორე, ის რომ "ყველა ადამიანი, რომელსაც მე ვავალებ მსგავს საქმეს, არის დაცული ბოლომდე აბსოლუტურად,“ - განაცხადა გივი თარგამაძემ.
ადვოკატის გიორგი ჩივიაშვილის თქმით, მათ ბევრი კითხვა აქვთ საქმესთან დაკავშირებით.
„რაიმე განსაკუთრებულის მოლოდინი არ გვაქვს, ვინაიდან ჩვენ ვხედავთ, რომ ადამიანი, რომელიც თავის საკუთრებაში ინახავდა ზუსტად იდენტური ასაფეთქებელ მოწყობილობებს და ამ მოწყობილობებისგან დამზადდა ბომბი, რომლითაც აფეთქდა გივი თარგამაძემ, დღეს ეს ადამიანი არის თავისუფლებაში,“ - განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.
დღესვე განცხადება გაკეთდა თბილისის პროკურატურაში. საგამოძიებო უწყება, საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ერთი თვის ვადაში გაასაჩივრებს.
„არ არის მარტივი საქმე, მიმდინარეობს ყველა შესაძლო ვერსიის გადამოწმება და გრძელდება გამოძიება ამ კუთხით, რომ საქმეზე საბოლოოდ დადგენილ იქნეს ობიექტური ჭეშმარიტება,“ - განაცხადა პროკურორმა იოსებ ხუციშვილმა.
ავტორი: სალომე ბოკუჩავა.