05 ნოემბერი 2024,   23:16
ვრცლად
დეკანოზ მამალაძის წერილმა სააშკარაოზე გამოიტანა ყველა პრობლემა, რაზეც ყველა ჩუმად საუბრობდა - თამარ კორძაია

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია აცხადებს, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში ეკლესიაში ორგანიზაციულმა პრობლემებმა იჩინა თავი და რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ ამ პრობლემებზე საუბარი აუცილებელია.

რესპუბლიკელებმა დღეს მთავრობას სპეციალური განცხადებით მიმართეს, რათა საპატრიარქოს დაფინანსება დაუყოვნებლივ შეუწყდეს. მიმართვაში ხელისუფლების მხრიდან პროცესებში ჩარევასა და საპატრიარქოსთვის გამოყოფილ გაზრდილ დაფინანსებაზეა საუბარი, რომლის მიზნობრიობა არ ჩანს.

„არავის რწმენის თავისუფლებას და არცერთ წესიერ და პატიოსან სასულიერო პირს ჩვენ არ ვეხებით. საქმე ეხება ზუსტად იმას, რომ დეკანოზ მამალაძის წერილმა სააშკარაოზე გამოიტანა ყველა ის პრობლემა, რაზეც ყველა ჩუმად საუბრობდა. ამაზე არ არსებობდა ღია დისკუსია. ყოველთვის ტაბუდადებული თემა იყო ეკლესიასთან დაკავშირებით არსებული პრობლემები,“ - აცხადებს თამარ კორძაია.

რესპუბლიკურ პარტიაში მიაჩნიათ, რომ საპატრიარქოში არსებულ პრობლემებზე დისკუსია უდნა გაგრძელდეს.

„საპატრიარქო არის ორგანიზაცია, რომელიც ძალიან დიდ გავლენას ახდენს საზოგადოებრივ აზრზე. ამიტომ, იქ მიმდინარე მანკიერ პროცესებზე აუცილებლად უნდა იყოს საჯარო დისკუსია,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ის აღნიშნავს, რომ საპატრიარქოსთვის გარკვეული ქონებისა და კომპენსაციის გადაცემის ინიციატორები, თავის დროზე, დავით ბერძენიშვილი და რესპუბლიკელები იყვნენ, თუმცა სმ ყველაფერმა დღეს უკვე დაფინანსების ფორმა მიიღო, რომელსაც ყველა ხელისუფლება ყოველ ჯერზე ზრდის.

„ეს დაფინანსება, ეს სარგებელი, რომელსაც, ერთი შეხედვით, თითქოს მარტო ეკლესია იღებს, ურთიერთსარგებელია საერო და სასულიერო პირების, რომლებიც ბოროტად იყენებენ ამ შესაძლებლობას. ამაზე საუბრობს დეკანოზი მამალაძე პატრიარქთან მიწერილ წერილში,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.

ის ასევე აღნიშნავს, რომ მეუფე იაკობი სწორედ ისე აფასებს საპატრიარქოში არსებულ სიტუაციას, როგორც ამას ხელისუფლება აკეთებს.

 

ამავე თემაზე
დღის ამბები