მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მოწამვლის მცდელობის სკანდალურ საქმეზე დაკავებული დეკანოზ მამა გიორგი მამალაძე დღეს მისმა ადვოკატებმა მოინახულეს. დაკავებული რუსთავის სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან თბილისში ე.წ. მატროსოვის ციხეში გადაიყვანეს.
ადვოკატებმა დღეს რამდენიმე გზავნილის შესახებ გააკეთეს განცხადება, რომელიც ბრალდებულს სურს, რომ საზოგადოებამ იცოდეს.
„ის ფიქრობს, რომ ხელისუფლების ორგანოები არიან შეცდომაში შეყვანილი და იმედი აქვს, რომ ეს შეცდომაში შეყვანილი მდგომარეობა გამოსწორდება და რეალურად დაინტერესდებიან იმ მდგომარეობით, რომ ის არ არის დამნაშავე,“ - განაცხადა დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა.
ბრალდებული დეკანოზი, უკვე მეორედ მოითხოვს საკუთარი ოჯახის უსაფრთხოების დაცვას, თუმცა რა მიმართულებით შეიძლება ემუქრებოდეს მის ოჯახს საფრთხე, უცნობია.
„დეკანოზს, რომ არ ქონდეს ალბათ იმის საშიშროება, რომ მის ოჯახს ემუქრება საფრთხე, ლოგიკურად, ამ თხოვნას არც, მითუმეტეს არც სახალხო დამცველი და მითუმეტეს ყოველ შესვლაზე და განსაკუთრებით დღეს, არ დამაბარებდა,“ - განაცხადა ადვოკატმა.
გიორგი ფანცულაიას თქმით, დეკანოზი სასულიერო პირებთან შეხვედრას ითხოვს.
ადვოკატის თქმით, პროკურატურის მოწმის ირაკლი მამალაძის და მისი სატელევიზიო განცხადებების შესახებ, სრულად გადასცა ინფორმაცია, რაზეც დეკანოზმა თქვა, რომ ირაკლი მამალაძესთან ახლო მეგობრული ურთიერთობა ქონდა.
ადვოკატი ვერ პასუხობს კითხვას, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დეკანოზის ბრალდების საქმეში, არის თუ არა ნახსენები მაღალი იერარქიის მქონე სასულიერო პირი.
ავტორი: დავით ქაშიაშვილი.