05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
თუ ერთ ქალს შეუძლია მთელი ეკლესია მართოს, მაშინ სინოდი რას აკეთებს? - მამა თეოდორე გიგნაძე

მამა თეოდორე გიგნაძე საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და მამა გიორგი მამალაძის დაკავების ფაქტზე აღნიშნავს, რომ ეკლესიის ადმინისტრაციულ მმართველობაზე წვდომა არ აქვს და შესაბამისად, ამ ფაქტების შესახებ ტელევიზიის საშუალებით შეიტყო.

„ეს არის ყველაზე საშინელი, რაც ხდება, რომ ვიღაცამ ეს პრობლემა არ გადაიტანოს, არ იფიქროს, რომ ეს არის ეკლესიის პრობლემა. ეს არ არის ეკლესიის პრობლემა,“ - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძე.

მამა თეოდორე გიგნაძე საპატრიარქოში მიმდინარე მოვლენებს „შოკისმომგვრელს“ უწოდებს, როგორიცაა ვერსიები შესაძლო მოწამვლის ან საპატრიარქოს კულისებში მიმდინარე პროცესებზე.

„მე ვხედავ დაპირისპირებულ მხარეებს, მაგრამ მე ვერ ვხედავ სად არის სიმართლე, რა თქმა უნდა, ესეც ინტელექტუალურ შოკს იწვეევს,“ – განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ.

მამა თეოდორე გიგნაძე არსებული პრობლემების გადასაწყვეტად კრების მოწვევასაც არ გამორიცხავს.

„ჩვენ რომ უფრო მეტად ღია გავხდეთ და, რა თქმა უნდა, კრება ამას ხელს შეუწყობს, მაშინ პრობლემები მოგვარდება“- აცხადებს მამა თეოდორე გიგნაძე.

არჩევანის ეთერში მამა თეოდორე გიგნაძე მეუფე პეტრეს მიერ, გუშინ ამავე ეთერით გაკეთებულ განცხადებასაც გამოეხმაურა, სადაც მან პატრიარქის მდივან-რეფერატის შორენა თეთრუაშვილის გავლენებზე ისაუბრა. 

„როგორ შეიძლება ხდებოდეს ის, რომ ერთი ადამიანი, რომელსაც იურიდიული ძალაუფლება არ აქვს, მართავდეს ეკლესიას...თუ ერთ ქალს შეუძლია მთელი ეკლესია მართოს, მაშინ სინოდი რას აკეთებს?“ - განაცხადა მამა თეოდორე გიგნაძემ. 

დღის ამბები