დეკანოზ გიორგი მამალაძის საქმის გამოძიების დროს არ არის გამორიცხული სხვა პირების ბრალეულობაც გამოიკვეთოს. ამის შესახებ განცხადებას, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე აკეთებს.
ეკა ბესელიას თქმით, პროკურატურა ამ მიმართულებით ინტენსიურ გამოძიებას განაგრძობს. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ კონკრეტულ ეტაპზე საქმის მასალების გასაჯაროება აუცილებლად უნდა მოხდეს.
„პროკურატურა მუშაობს სხვა პირების მიმართაც როგორც ჩვენთვის არის ცნობილი და პროკურატურა მუშაობს ინტენსიურ რეჟიმში, მოიპოვებს ახალ და დამატებით მტკიცებულებებს, ამიტომ ეტაპობრივად საზოგადოებამ, რომ იცოდეს რა ხდება ამ საქმესთან დაკავშირებით, ეს არის ლეგიტიმური ინტერესი.
"ბევრი დამატებითი გარემოება შეიძლება გამოიკვეთოს, რადგან გამოძიება არ სრულდება დაწყებიდან მესამე დღეს,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.
უმრავლესობისგან განსხვავებით პროკურატურის მიერ წარმოებულ საგამოძიებო პროცესს უნდობლობას უცხადებს საპარლამენტო ოპოზიცია.
„საზოგადოებას ამ საკითხებზე სჭირდება ძალიან მკაფიო პასუხები. იმიტომ, რომ ეს არის სეკულარული სახელმწიფო და აშკარაა, რომ საპატრიარქოს საქმიანობაში უხეშ ჩარევას აქვს ადგილი სახელმწიფოს მხრიდან და ამაზეც მკაფიო პასუხები უნდა გაიცეს,“-აცხადებს ნინო კალანდაძე.
ევროპული საქართველოში კი ამბობენ, რომ პროკურატურამ საქმეში არსებული მტკიცებულებები უნდა გაასაჯაროოს.
„სანამ არ იქნება საზოგადოებისთვის მიწოდებული მართლაც მკაფიო და მყარი მტკიცებულებები, რაც წესით უნდა იყოს ვიდეო-აუდიო მასალა თუ სხვა მნიშვნელოვანი ფაქტები, გარდა ვერბალური განცხადებებისა, მანამდე იქნება ბუნებრივია ასეთი დაძაბულობა, ვერსიების ტრიალი და ა.შ.,“-აცხადებს გიგი წერეთელი.