05 ნოემბერი 2024,   23:15
ვრცლად
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოში ელოდებიან

სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოში ელოდებიან.  ნიკა გვარამიას მოსამართლის თანდასწრებით დაკითხავენ.

თავად მოსამართლე დაკითხვის პროცესში არ ერევა და დაკითხვის პროცესს მთლიანად გამომძიებელი წარმართავს, თუმცა ეს მოწმისთვის არის გარანტია იმისა, რომ დაკითხვისას მოწმეზე არ მოხდება ზეწოლა ან არ დაირღვევა მისი უფლებები.

მიზეზი რის გამოც ნიკა გვარამიამ და მისმა ადვოკატმა დაკითხვის ეს ფორმა აირჩიეს არის ის, რომ ისინი უნდობლობას უცხადებენ საგამოძიებო ორგანოებს.

ადვოკატისთვის საერთოდ გაუგებარია რატომ დადგა ნიკა გვარამიას კიდევ ერთხელ დაკითხვის საკითხი, რადგან დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ პირველი გამოკითხვის დროს ნიკა გვარამიამ გავრცელებულ ფარულ ჩანაწერთან დაკავშირებით გამოძიებას,  დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

დღევანდელ დაკითხვაზე ცნობილი გახდება ის დამატებითი კითხვები, რის გამოც საგამოძიებო უწყებამ ნიკა გვარამიას ხელმეორედ გამოკითხვა გადაწყვიტა. რუსთავი 2-ის გენერალურ დირექტორს თბილისის საქალაქო სასამართლოში 10:30 საათზე ელოდებიან.

გამოკითხვის პროცესს საგამოძიებო უწყების წარმომადგენლები, ნიკა გვარამიას ადვოკატი და მოსამართლე დაესწრებიან.

ავტორი:ნათია ტრაპაიძე.

დღის ამბები