საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭომ დღეს ტელევიზიის განვითარების ალტერნატიული გეგმა წარადგინა. საბჭოს სხდომაზე ის კრიტერიუმებიც დასახელდა, რომლის მიხედვითაც მოხდება კონკრეტული გადაცემებისა თუ პროექტების შეფასება.
ბორდის წევრები ამ გეგმაზე ერთი კვირის განმავლობაში მუშაობდნენ და დღეს საკუთარი ხედვა აღმასრულებელ საბჭოსა და გენერალურ დირექტორს რამდენიმე წუთის წინ წარუდგინეს.
ახალი მენეჯმენტი კი კონსულტაციებისთვის მზად არის.
„ჩვენ ვარ მზად ალტერნატივებისთვის და ეს ითქვა პირველივე დღეს, ოღონდ ეს ალტერნატივები არ უნდა აზიანებდეს ჩვენს საბოლოო მიზანს, რომ 3 წლის წლის შემდეგ, საზოგადოებრივი მაუწყებელი იყოს ლიდერი ტელევიზია,“ - აცხადებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალური დირექტორის მრჩეველი, ია ანთაძე.
საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრი, სულხან სალაძე აღნიშნავს, რომ მენეჯმენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტს მხარს არ უჭერს და კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმი მხოლოდ რეიტინგი არ უნდა იყოს.
ბორდის წევრების ნაწილი ამბობს, რომ ალტერნატიულ გეგმაში დამატებითი კრიტერიუმები არის შემუშავებული.
ავტორი: შოთა კიკნაძე.