ვის მკვლელობის მცდელობას იძიებს საქართველოს პროკურატურა და რომელი საქმე აიყვანა საქართველოს პრემიერმა პირად კონტროლზე, ამ დრომდე უცნობია. მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ეკა ბესელია ღიად საუბრობდა იმაზე, რომ პატრიარქის მკვლელობის მცდელობა აიცილეს თავიდან, დღეს პროკურატურა აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძეს უწმინდესის ან მაღალი იერარქიის სასულიერო პირის მკვლელობის მცდელობაზე არ უსაუბრია, როდესაც მამა გიორგი მამალაძის ბრალდებაზე საუბრობდა. დღეს ეკა ბესელიას ამის თაობაზე კომენტარი აქ გაუკეთებია.
„პროკურატურამ, რა თქმა უნდა, გააკეთა ისეთი განცხადება, რომელიც მიზნად ისახავდა მიზანმიმართულად საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და შემდგომ განავრცო ეს უკვე პრემიერმინისტრმა, სწორედ იმიტომ, რომ ისრები, რა თქმა უნდა, გადაეტანა პატრიარქისკენ და გამოემჟღავნებინა ისეთი დეტალები, რომლის გამჟღავნების უფლებაც არ ჰქონდა,“ - განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის მდივანმა, თინათინ ბოკუჩავამ.
ფრაქცია ევროპული საქართველო ხელისუფლებას პატრიარქის სიცოცხლით სპეკულირებაში ადანაშაულებს და ფიქრობს, რომ პროკურატურამ საქართველოს მოსახლეობა შეცდომაში განგებ შეიყვანა.
„ეს კიდევ ერთხელ გვაჩვენებს იმას, თუ როგორი პრობლემა გვაქვს ქვეყანაში, როცა გვყავს ხელისუფლება, რომელსაც არ გააჩნია არანაირი სტანდარტი საკუთარ თავთანაც კი. წამსვლელი არის ყველაფერზე ნებისმიერ მომენტში,“ - აცხადებს გიგა ბოკერია.