05 ნოემბერი 2024,   23:13
ვრცლად
"გაზპრომის" საკითხს დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე ცხარე კამათი მოყვა

გაზპრომთან დაკავშირებული ნაციონალური მოძრაობის რეზოლუცია საპარლამენტო უმრავლესობამ ჩააგდო. ოპოზიცია რუსულ კომპანიასთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობების გასაჯაროებას და კახი კალაძის პარლამენტში დაბარებას ითხოვდა.

რომან გოცირიძის ინფორმაციით, ქართული მხარე ამ პროცესში რამდენიმე მილიონი ლარით იზარალებს და ეს თანხა შესაძლოა ყოველწლიურად გაიზარდოს.

დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის დღევანდელი სხდომა უმრავლესობისა და უმცირესობის წარმომადგენლებს შორის ცხარე დებატების ფონზე მიმდინარეობდა. მხარეებმა გაზპრომთან გასაფორმებელ ხელშეკრულებაზე პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებაზეც იკამათეს.

ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, გიგა ბოკერიამ კახა კალაძისა და გიორგი კვირიკაშვილის ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები გაიხსენა, მისი განცხადებით, დღევანდელი ხელისუფლება, რუსული მხარის ყველა მოთხოვნას ასრულებს. უმრავლესობამ ოპოზიცია წარმოდგენების მოწყობაში დაადანაშაულა.

„თუ შეიძლება, რომ მოვთხოვოთ უმცირესობას, დამსწრე საზოგადოებას, უზრუნველყონ ხოლმე ესეთი წარმოდგენები... პოპკორნი აუცილებლად მოიტანონ ხოლმე და აუცილებლად დაგვირიგონ ხოლმე, ეს ჩემი წინადადება იქნება,“ - განაცხადა პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, ლევან კობერიძემ.

უმრავლესობამ ნაციონალური მოძრაობა წინა ხელისუფლების დროს, არასწორი ენერგოპოლიტიკის წარმოებაში დაადანაშაულა. პარლამენტის ფრაქცია ქართული ოცნება - მწვანეების თავმჯდომარემ, გიორგი გაჩეჩილაძემ აღნიშნა, რომ 2012 წლამდე ხელისუფლება გაზპრომთან "ჩახუტებული" იყო.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წევრმა, გიორგი კანდელაკმა სხდომაზე განაცხადა, რომ უმრავლესობის წევრები თავს შეურაცხყოფილად უნდა გრძნობდნენ, რადგან ენერგეტიკის მინისტრი ამ საკითხზე სასაუბროდ, პარლამენტში მისვლას არ აპირებს. 

ავტორი: თეონა ცხომელიძე. 

ამავე თემაზე
დღის ამბები