საპარლამენტო ოპოზიციაში ფიქრობენ, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე 13 თებერვალს პროკურატურის, ხელისუფლებისა და საპარლამენტო უმრავლესობი წარმომადგენლების განცხადებები უპასუხისმგებლო იყო, რადგან ისინი საზოგადოებას წარმოდგენას უქმნიდნენ, თითქოს მამა გიორგი მამალაძე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მოწამვლის მცდელობის გამო იყო ბრალდებული.
„პროკურატურაც, საპარლამენტო უმრავლესობაც და აღმასრულებელი ხელსუფლებაც ცდილობდა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს დაეჯერებინა, რომ მზადდებოდა პატრიარქის მკვლელობა, მზადდებოდა პატრიარქზე თავდასხმა. დღეს ჩვენ ვისმენთ უტიფარ განცხადებებს პროკურატურის მხრიდან, რომ არა თუ პატრიარქზე, არამედ საერთოდ არცერთ სასულიერო პირზე არ იგეგმებოდა თავდასხმის განხორციელება და გვითხრეს, რომ ეს სასულიერო პირებს არ ეხებოდა,“ - განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერის მოადგილემ, ფრაქცია ევროპული საქართველოს წევრმა, ირმა ნადირაშვილმა.
მისი აზრით, ხელისუფლებამ მთელი მოსახლეობა ამ საქმის გამო შოკში ჩააგდო. მისთვის გაუგებარია, რატომ ცდილობდა პროკურატურა საქართველოში ცრუ ინფორმაციის გავრცელებას.
„ბატონებო, რატომ ჩააგდეთ მთელი მოსახლეობა შოკში? რატომ გინდოდათ გვეფიქრა, რომ ქვეყანაში მზადდებოდა პატრიარქის მკვლელობა?“ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა.