05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
თავდასხმა თბილისის ცენტრში - ინტერპოლის თანამშრომელს ცეცხლი ერთდროულად რამდენიმე პირმა გაუხსნა

შეირაღებული თავდასხმა შატბერაშვილის ქუჩაზე, გავრცელებული ინფორმაციით, საქართველოს ინტერპოლის ბიუროს ინსპექტორ როსტომ ლორთქიფანიძეზე მოხდა. ადგილობრივების ცნობით, ქუჩაზე გვიან ღამით ორმხრივი სროლა იყო. გარეთ გასულებს კი 22 წლის ახალგაზრდა დაჭრილი დახვდათ.

პროკურატურის ინფორმაციით, როსტომ ლორთქიფანიძემ თავდამსხმელებს თავადაც ესროლა, რის შედეგადაც ერთ-ერთი პირი მძიმედ დაიჭრა. ლორთქიფანიძის ავტომობილს რამდენიმე ტყვია აქვს მოხვედრილი.

ინტერპოლის თანამშრომლის მიერ დაჭრილი პირი 22 წლის ლაშა მაისურაძეა. გავრცელებული ინფორმაციით, სროლის დროს ის ორ მეგობართან ერთად იმყოფებოდა, თუმცა ორივე მათგანმა შატბერაშვილის ქუჩა მალევე დატოვა. მაისურაძე კი მძიმე ჭრილობებით საავადმყოფოში ადგილობრივებმა გადაიყვანეს. დაჭრილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

რა გახდა დაპირისპირების მიზეზი სამართალდამცველებსა და უცნობებს შორის, ამის შესახებ დაჭრილის ახლობლებს საუბარი არ სურთ.

გამოძიებას ჩვენება მისცა მომხდარის ერთ-ერთმა თვითმხილველმა, გელა შავლაძემ, რომლის კუთვნილ მაღაზიაზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერებიდან პოლიციამ ვიდეო მასალაც ამოიღო.

თბილისის პროკურატურაში ჩვენება მისცა თავად ინტერპოლის ბიუროს თანამშრომელმაც, რომლის თავდასხმის ფაქტზეც გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით მიმდინარეობს.

ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი. 

ამავე თემაზე
დღის ამბები