საზოგადოებრივი მაუწყებლის აღმასრულებელმა საბჭომ დღეს ბორდის წევრებს არხის განვითარების ალტერნატიული გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, პირველ არხზე 14 გადაცემა დაიხურება. ახალი მენეჯმენტის განცხადებით, გადაცემების საჭიროება რეიტინგებით შეაფასეს.
ახალმა მენეჯმენტმა პირველი არხის გადაცემები სამ ჯგუფად დაყო. პირველ ჯგუფში ის პროექტები მოხვდა, რომლებიც მათი შეფასებით, საზოგადოებას იზიდავენ და რეიტინგი არხის საშუალო რეიტინგზე მეტია. მეორე ჯგუფში ის პროგრამები შევიდა, რომელთა რეიტინგი მაუწყებლის საშუალო რეიტინგს ემთხვევა, ხოლო მესამე, წითელი ზონის ჯგუფში ის გადაცემები მოხვდნენ, რომლებიც არხის მენეჯმენტის თქმით, მაყურებელს სხვა არხზე გადართვისაკენ უბიძგებენ.
სამეურვეო საბჭო გადაცემების მხოლოდ რეიტინგებით შეფასებას ეწინააღმდეგება. ბორდმა გენერალურ დირექტორს მაუწყებლის შეფასების კრიტერიუმები გუშინ ერთკვირიანი მსჯელობის შემდეგ წარუდგინა.
ტელევიზიის განვითარების ალტერნატიულ ხედვაზე კითხვები აქვს არასამთავრობო სექტორს. მენეჯმენტის არაკვალიფიციურობაზე საუბრობენ იმ გადაცემების წამყვანები, რომელთა პროექტებიც რეორგანიზაციის პროცესში უნდა დაიხუროს.
სამეურვეო საბჭომ დოკუმენტის დეტალურად გასაცნობად რამდენიმე დღე ითხოვა. დაუჭერს თუ არა ბორდი მენეჯმენტის ახალ გეგმას მხარს და დაიხურება თუ არა პირველ არხზე გადაცემები, სავარაუდოდ, სამშაბათს, სამეურვეო საბჭოს სხდომაზე გადაწყდება.
ავტორი: შოთა კიკნაძე.