ე.წ. ციანიდის საქმეზე გაკეთებული გაცხადებების გამო ევროპული საქართველო მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს. ოპოზიციის მოთხოვნა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც მთავარმა საგამოძიებო ორგანომ განაცხადა, რომ საქმეში პატრიარქის მკვლელობის მცდელობა არ ფიგურირებს. ოპოზიცია შოთაძის გადადგომის მოთხოვნით ორშაბათიდან ხელმოწერების შეგროვებას იწყებს.
ოპოზიციის მოთხოვნას მმართველ გუნდში არ იზიარებენ, სადაც ე.წ. ციანიდის საქმესთან დაკავშირებით უკვე ორი დღეა ურთიერთგამომრიცხავი განცხადებები კეთდება. პროკურატურის განცხადების მიუხედავად, რომ მკვლელობის მცდელობის საქმეში პატრიარქი არ ფიგურირებს, ეკა ბესელია მინიშნებას ისევ ილია მეორის მიმართ აკეთებს.
მმართველი გუნდის ნაწილი კი კომენტარებში წინა დღეებისგან განსხვავებით, დღეს პატრიარქს აღარ ახსენებს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ დეკანოზი გიორგი მამალაძე საგამოძიებო უწყებამ პატრიარქის უახლოესი გარემოცვის წევრის მკვლელობის მომზადების გამო დააკავა.
ე.წ. ციანიდის საქმეზე განცხადებები ნაციონალური მოძრაობის წევრებმაც გააკეთეს და ხელისუფლება ეკლესიის საქმიანობაში ჩარევაში დაადანაშაულეს.
ავტორი: მარიამ გაფრინდაშვილი.