ტელეწამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსთავი2-ის მხარდასაჭერად აქციაზე მოსულ ადამიანებს მიმართა. მან აღნიშნა, რომ სიტყვით გამოსვლამდე, ზაალ უდუმაშვილმა ის გადაამოწმა, რათა რაიმე „ისეთი არ ეთქვა, რაც აქციას დაშლიდა“.
„მაგრამ რა დაგშლით თქვენ, იმდენნი ხართ. თქვენ ვერაფერი ვერ დაგშლით და ვერც ჩვენ ვერაფერი ვერ დაგვშლის. მე უნდა ვთქვა, რომ რამდენიმე საათში გადაცემა მაქვს, პირდაპირი ეთერი მაქვს პოსტსკიპტუმის და წესით, ამ დროს აქ არ უნდა ვიყო. მთელი ჩვენი ჯგუფი ამ დროს ძალიან დატვირთულად ვმუშაობთ. იმდენად ბევრი საქმე გვაქვს ამ დროს, რომ ჭამისთვისაც ვერ ვიცლით ხოლმე. მაგრამ ნახეთ, მდგომარეობა ისეთია, რომ გადაცემამდე რამდენიმე საათით ადრე ჩვენ ყველანი ქუჩაში ვდგავართ იმიტომ, რომ ჩვენ იძულებულები ვიყავით, რომ ქუჩაში გამოვსულიყავით თქვენთან ერთად,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მან აღნიშნა, რომ აქციაზე ისინი დამოუკიდებელი, თავისუფალი და ევროპული საქართველოსთვის იბრძვიან.
„ჩვენი ადგილი აქ არ არის, ჩვენი ადგილი არის სტუდიაში, კამერებთან, ჩვენი ადგილი არის თქვენთან, იქ, სადაც თქვენ ყველაზე მეტად გიჭირთ, იქ, სადაც ქვეყნის ყველაზე მნიშნელოვანი მოვლენები ხდება,“ - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მან დაამატა, რომ ხელისუფლება აუცილებლად დამარცხდება ამ ბრძოლაში.
"ჩვენ დავბრუნდით თქვენთან ერთად და თქვენთვის," - განაცხადა გიორგი გაბუნიამ.
მან აღნიშნა, რომ რუსთავი2 იქნება ნომერი 1 ტელევიზია საქართველოში.
გიორგი გაბუნიამ ასევე წარმატებები და ჯანმრთელობა უსურვა პატიმრობაში მყოფ მამა გიორგი მამალაძეს და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს.