03 ოქტომბერი 2024,   10:18
ვრცლად
ომბუდსმენი ადგილობრივი საბჭოების მექანიზმის გადახედვასაც მოითხოვს

სახალხო დამცველის აპარატი მსჯავრდებულთა ვადამდე გათავისუფლების მუდმივმოქმედი კომისიის გაუქმების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ამ ცვლილებასთან ერთად, უნდა გადაიხედოს ადგილობრივი საბჭოების მუშაობის პრინციპი და მეთოდოლოგია და ამასთან დაკავშირებით, სახალხო დამცველის ბევრი რეკომენდაცია მის მოხსენებებში შეტანილი იყო. 

„ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თავად ადგილობრივი საბჭოების მუშაობა გადაიხედოს, იმიტომ, რომ სახალხო დამცველს აქვს რამდენიმე პრობლემური საკითხი წამოწეული მის ანგარიშებში, როგორიც არის ადგილობრივი საბჭოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობის ხარისხია, საქმის განხილვა, რომელიც ხშირ შემთხვევაში არ მიმდინარეობს ზეპირი მოსმენით და ეს პრობლემაა. ამასთან, უშუალოდ სასჯელაღსრულების სამინისტროს მხრიდან დახასიათებები არის ძალიან დაბალი და რთულია ობიექტური გადაწყვეტილების მიღება,” - ამბობს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი ეკა ფოფხაძე.

საკითხს არასამთავრობო სექტორიც ეხმაურება. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელი ანა ნაცვლიშვილი ამბობს, რომ გასარკვევი და დასახვეწია უშუალოდ ადგილობრივი საბჭოების დაკომპლექტების წესიც. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მსჯავრდებულის უფლება - გაასაჩივროს საბჭოების გადაწყვეტილება - იყოს დაცული.

პრობაციის სამინისტროში კი არ გამორიცხავენ, რომ უახლოეს მომავალში მომზადდეს კიდევ ერთი კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც, ვადამდე გათავისუფლების კომისიის უფლებები არა ადგილობრივ საბჭოებს, არამედ სასამართლოს გადაეცემა.

ამ ეტაპზე სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტი უკვე გადაგზავნილია პარლამენტში და საკომიტეტო მოსმენები უახლოეს მომავალში დაიწყება.

ამავე თემაზე
დღის ამბები