05 ნოემბერი 2024,   23:00
ვრცლად
უსაფრთხოების კონფერენცია მიუხენში - შეხვედრებში მონაწილეობას ქართული დელეგაციაც იღებდა

მსოფლიოს ქვეყნების ლიდერები სამი დღის განმავლობაში მიუნხენში იყვნენ შეკრებილები, სადაც უსაფრთხოების კონფერენციას ესწრებოდნენ.

ოფიციალურ შეხვედრებში მონაწილეობას იღებდა ქართული დელეგაციაც პრემიერმინისტრის ხელმძღვანელობით. კონფერენცია უკვე დასრულებულია.

გიორგი კვირიკაშვილი ახალ ვიცეპრემიერს შეხვდა. მხარეებმა თანამშრომლობის მომავალ პერსპექტივასა და შესაძლო ვიზიტებზე ისაუბრეს.

ქართული დელეგაცია ჰააგის პროკურორსაც შეხვდა. ფატუ ბენსუდას თქმით, აგვისტოს ომის გამოძიება მიმდინარეობს.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, კი ის ფატუ ბენსუდას არ შეხვდა.

„ქალბატონ პროკურორს არ შევხვდი. შესაბამისად, ამ საკითხის კომენტირებაც არ შემიძლია. ჩვენ გვაქვს ჩამოყალიბებული პოზიცია, როგორ აწარმოა და გააფორმა მან ეს კონკრეტული პროცესი და მას საერთოდ არ შეუსწავლია სამხრეთ ოსეთის, აფხაზეთის და რუსეთის მიერ წარმოდგენილი უზარმაზარი მასალა. ეს დოკუმენტები ცალსახად ადასტურებს, რომ კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილმა დაიწყო. რაც შეეხება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობებს, ნორმალიზება დაწყებულია, გაიზარდა ტვირთბრუნვა და საჰაერო გადაზიდვების არეალი, სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაციას მოხდა, თუმცა უვიზო რეჟიმის შემოღებას ხელს უშლის დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა და უფრო მეტად, უსაფრთხოების საკითხები, მაშინ როცა საქართველოს, ამიერკავკასიას და მთლიანად სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს ექსტრემისტები, ტერორისტები, ნარკომოვაჭრეები და ბოევიკები ხშირად იყენებენ თავიანთ მარშრუტებში, სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე საუბარი ძნელია. ამას წინ უნდა უძღოდეს ქართველი და რუსი სამართალდამცავების თანამშრომლობა, დიპლომატიური ურთიერთობების არარსებობა კი ამას რთულად მისაღწევ ამოცანად აქცევს,"- განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ამერიკელ ექსპერტებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს ჩართულობა შავი ზღვის უსაფრთხოების ახალ კონცეფციაში მკვეთრი გზავნილი იქნება რუსეთისთვის. ჯონ მაკკეინის თქმით, ვლადიმერ პუტინი საერთაშორისო ნორმებს ამ დრომდე არღვევს. 

 

 

 

ავტორი: თამარ ნუცუბიძე 

დღის ამბები