სამაუწყებლო კომპანია რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, ამბობს, რომ რუსთავი2 სასამართლოს მხრიდან შეტევის ქვეშ უკვე 2 წელია, რაც არის.
გადაცემა პოსტსკრიპტუმის პირდაპირ ეთერში, ნიკა გვარამიამ აღნიშნა, რომ სხვა სახის გამუდმებული ზეწოლა რუსთავი2-ზე, რეალურად, 2012 წლიდან დაიწყო. მისი აზრით, ტელეკომპანიამ თავის დაცვის, ფაქტობრივად ყველა რესურსი გამოიყენა.
„პრინციპში, ამოვწურეთ ყველა შესაძლებლობა, რომ ხმა მიგვეწვდინა ხელისუფლებისთვის და არა მხოლოდ ხელისფლებისთვის, საერთაშორისო თანამეგობრობისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ყველა ინფორმირებულია, ყველამ იცის, ჩვენ გვინდოდა, რომ გვეჩვენებინა, როგორი მაკონსოლიდირებელი ძალა აქვს ჩვენს მედიას და ნამდვილად ეს გამოჩნდა დღეს იმიტომ, რომ იქ იყვნენ სხვადასხვა გემოვნების ადამიანები. მათ შორის, სხვადასხვა პოლიტიკური გემოვნების ადამიანები,“ - განაცხადა ნიკა გვარამიამ.
მისი აზრით, აქციაზე ნაციონალური მოძრაობისა და მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წარმომადგენლების შეხვედრაც გულისამაჩუყებელი იყო, რადგან ისინი რუსთაველზე რუსთავი2-ისთვის გაერთიანდნენ.
ნიკა გვარამია ამბობს, რომ დღეს რუსთავი2-ის გვერდზე ისეთი ადამიანებიც იდგნენ, რომლებსაც შესაძლოა, რუსთავი2 ან ნიკა გვარამია არ უყვართ, მაგრამ დადგნენ სიტყვის თავისუფლების დასაცავად.
„ცნობიერებაში დაილექა, რომ რუსთავი2 არის არამხოლოდ ხარისხიანი და ყველაზე რეიტინგული ტელევიზია, არამედ ქართული დემოკრატიისთვის აუცილებელი ატრიბუტი. განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც ყველაფერი დანარჩენი, თუ არ ჩავთვლით ეპიზოდურ, მცირე ტელევიზიებს და საინფორმაციო წყაროებს, შედარებით მცირეს, ეს არ აკნინებს მათ როლს, რომლებიც არიან პროდასავლურები და კრიტიკულები, მათ თუ არ ჩავთვლით, ყველა მსხვილი მედია დღეს არის ერთ ჯიბეში. ეს არის ბიძინა ივანიშვილის ჯიბე,“ - აცხადებს ნიკა გვარამია.