ე.წ. ციანიდის საქმეში არსებულ ფარულ ჩანაწერში, მამა გიორგი მამალაძის გარდა, რამდენიმე პირი ფიგურირებს. ამის შესახებ განცხადებას, ადვოკატი ირმა ჭკადუა აკეთებს, რომელიც საქმეში ერთ-ერთი მოწმეა.
ჭკადუას განცხადებით, ჩანაწერიდან, რომელიც მას ჟურნალისტმა ირაკლი მამალაძემ აჩვენა, იკვეთება, რომ დანაშაული გარკვეულ პირთა წინააღმდეგ მზადდებოდა.
ადვოკატი ამბობს, რომ ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით ვიდეო და აუდიო ჩანაწერების გარდა, არსებობს წერილობითი მტკიცებულებებიც.
„ცალსახად ის მტკიცებულებები, რომელიც მე ვნახე, ჩანდა გარკვეულ პირთა წინააღმდეგ დანაშაულის მომზადების ფაქტი. იყო აუდიო ვიდეო ჩანაწერი და ასევე იყო გარკვეული მტკიცებულებები წერილობით. იყო ერთი ჩანაწერი, მე მას არ ვიცნობდი, მაგრამ როგორც ირაკლიმ თქვა, იქ იყვნენ სხვადასხვა ადამიანები, არა მარტო გიორგი მამალაძე, კიდევ მის გარდა იყვნენ სხვა ადამიანები და მიმითითა, რომ ერთ-ერთი გახლავთ მამა გიორგი მამალაძე,“-აცხადებს ადვოკატი ირმა ჭკადუა.