ე.წ. ციანიდის საქმეში მტკიცებულების სახით არსებულ აუდიო ჩანაწერში სამი პირი მონაწილეობს - ამის შესახებ განცხადება, საქმის ერთ-ერთმა მოწმემ, ადვოკატმა ირმა ჭკადუამ გააკეთა.
ჭკადუა დღეს უკვე საქმის ახალ დეტალებზე საუბრობს და მამა გიორგი მამალაძის ბრალდების საქმეში მთავარი მოწმესთან, ირაკლი მამალაძესთან კონტაქტის დეტალებს იხსენებს.
მისი თქმით, ჩანაწერები, რომელიც ირაკლი მამალაძემ მას მოასმენინა, არის ძალიან მძიმე მოსასმენი და ერთ-ერთი აუდიო ჩანაწერი იძლეოდა „განგაშის ატეხვის" საფუძველს.
„მომასმენინა თავდაპირველად აუდიოჩანაწერი, რომელიც ძალიან მძიმეა მოსასმენად. სამი პირი ფიგურირებდა. წარმოუდგენელია, როდესაც სასულიერო პირები ან ეკლესიასთან დაკავშირებული პირები საუბრობდნენ იმ ლექსიკონით, იმ ფორმით და იმ საკითხებზე, რომელ საკითხებზეც იყო ჩანაწერში საუბარი.
"მე მას ვთხოვე, რომ ერთ-ერთი მტკიცებულება მაინც მოეცა ჩემთვის, მაგრამ ის კატეგორიულად წინააღმდეგი იყო, ვინაიდან ის ამბობდა - ეს არის ჩემი თავდაცვა. ის იყო ძალიან შეშინებული ამ ყველაფერზე და 30-ში თუ პირველში არ მახსოვს, მან ისევ დამირეკა და მკითხა სად ხარო, ვუთხარი სადაც ვიყავი და მითხრა, რომ სადაც ხარ გაჩერდი უნდა მოვიდე სასწრაფოდ და მან მოიტანა კიდევ ერთ ისეთი მტკიცებულება, რომელიც იყო განგაშის ატეხვის საფუძველი,“ - აცხადებს ირმა ჭკადუა.
ამ წუთებში კი დეკანოზ გიორგი მამალაძის ახალი ადვოკატი ბრალდებულს ხვდება. უცნობია, გავრცელდება თუ არა მასზეც საქმის დეტალების გაუთქმელობის პირობა. შეხვედრა ჯერჯერობით არ დასრულებულა, მიხეილ რამიშვილს კი კლინიკაში შესვლამდე, ჟურნალისტებთან კომენტარი არ გაუკეთებია.
ამ დრომდე მამა გიორგი მამალაძის დაცვის მხარე საკუთარი არგუმენტების გასაჯაროებას სწორედ პროკურატურის მხრიდან დაწესებული შეზღუდვის გამო ვერ ახერხებდა. თუმცა, საქმის დეტალებზე თავად საგამოძიებო ორგანომ და მოწმეთა ნაწილმა საჯაროდ არა ერთხელ ისაუბრეს.