გაზპრომთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობა კახი კალაძისგან და მთავრობისგან ახსნა-განმარტებებს ითხოვს, კერძოდ რატომ არ აკეთებენ ისინი კომენტარს ამ საკითხზე. კალაძის დაბარებასთან დაკავშირებით ოპოზიციამ პარლამენტს ორჯერ მიმართა, თუმცა ორივეჯერ უარი მიიღო. ამ საკითხზე დღეს დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე იკამათეს.
პარლამენტის ფრაქცია ევროპული საქართველოს თავმჯდომარე, ოთარ კახიძე ფიქრობს, რომ ენერგეტიკის მინისტრი, პარლამენტის, ქვეყნისა და კანონმდებლობის წინაშე ანგარიშვალდებულია.
„რაღაც ფორმით რეაგირება რომ მოვახერხოთ ამ საკითხზე, ეს არის ჩემი დაბეჯითებული თხოვნა ეს რეაგირება შეიძლება იყოს, რომ თქვენ, როგორც პარლამენტის თავმჯდომარე ჩაერთოთ საკითხში, რომ უზრუნველეყოთ მისი მოსვლა, ან რეგლამენტის დარღვევისთვის არსებობს შესაბამისი პასუხისმგებლობა და მაშინ მივწეროთ პრემიერმინისტრს და ვთხოვოთ, რომ შეისწავლოს ეს საკითხი და როგორმე საპარლამენტო ანგარიშვალდებულებაც იქნას დაცული მთავრობის წევრის მხრიდან,“ - განაცხადა ოთარ კახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარე ოპოზიციის წარმომადგენლებს ამ საკითხის დღესვე გარკვევას დაჰპირდა.
პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის, მარიამ ჯაშის აზრით კი უმრაიცრესობა ამ საკითხის პოლიტიზირებას ცდილობს, რაც სასურველი არ არის.
ავტორი: ნინო სამყურაშვილი.