05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
ე.წ. ციანიდის საქმე და მთავარი პროკურორის ბედი - ოპოზიცია შოთაძის გადადგომას ითხოვს

ე.წ. ციანიდის საქმე შესაძლოა მთავარი პროკურორისთვისაც ცუდად დამთავრდეს. ამ ეტაპზე ყველა პასუხგაუცემელი კითხვა სწორედ პროკურატურის მისამართით ისმის და პარლამენტში უკვე შოთაძის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება იწყება.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპულ საქართველოში აცხადებენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის სკანდალურ საქმეზე განვითარებული მოვლენები პროკურატურის მიერ მტკიცებულებების გაყალბებაზე მიუთითებს, რის გამოც პარტია ირაკლი შოთაძის გადაყენების მოთხოვნით საპროკურორო საბჭოს წერილით მიმართავს. დეპუტატების წერილობითი თანხმობის მიღებას ოპოზიცია ოთხშაბათს დაგეგმილ სხდომაზე შეეცდება. მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას არ გამორიცხავს სახალხო დამცველი.

უმრავლესობის ერთი ნაწილი გამოძიების შედეგებს ელოდება, მეორე ნაწილი კი, მტკიცებულებების ნაწილის გასაჯაროების მომხრეა. ამის მიუხედავად, მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ქართული ოცნება ემიჯნება.

პროკურორის გადაყენების მოთხოვნას ნაციონალური მოძრაობა ემხრობა, თუმცა პარტიაში ფიქრობენ, რომ შოთაძის მხოლოდ ნომინალური ფიგურანტია და საკითხზე მთავარი სამიზნე ივანიშვილი უნდა იყოს.

მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო მთავარი პროკურორის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენების მიზნით, დამატებით საპროკურორო საბჭოს მუშაობაში ჩართვასაც გეგმავს. საპარლამენტო უმცირესობა ამ დრომდე საბჭოში კანდიდატის წარდგენაზე უარს აცხადებდა, კვირის ბოლოს საბჭოს წევრობაზე კანდიდატად ოთარ კახიძის დასახელება იგეგმება.

ავტორი: ანა წერეთელი. 

დღის ამბები