05 ნოემბერი 2024,   23:05
ვრცლად
"დაიმახსოვრონ, რომ ხალხის ინტერესებს ემსახურებიან და არა პირად ურთიერთობებს ყოფილ საბჭოთა ელიტასთან" - ხარშილაძე აბაშიძის განცხადებას აფასებს

რუსეთში საქართველოს პრემიერმინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის მიერ, რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებებთან დაკავშირებით გაკეთებულ კომენტარს, ექსპერტთა ნაწილის კრიტიკა მოჰყვა.

საქართველოს დიპლომატთა კლუბის წევრი გიორგი ბადრიძე ამბობს, რომ ზურაბ აბაშიძე არ არის იმ სიმაღლეზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად. 

მისივე თქმით, ზურაბ აბაშიძე საკითხის შეფასებისას საქართველოს ხელისუფლების პოზიციას გამოხატავს. 

„თუ ბატონ აბაშიძეს არ ესმის, რატომ უნდა გაგვეცა პასუხი უფრო მალე და ბევრად უფრო მკვეთრად, ეს ძალიან დასანანია და მას არ უნდა ეწყინოს, როდესაც უამრავი ადამიანი ამბობს, რომ ჯერ ფორმატი აბაშიძე-კარასინის არის საქართველოს ეროვნული ინტერესების დამაზიანებელი და რომ თავად ბატონი აბაშიძე რეალურად არ არის იმ სიმაღლეზე, რომელიც აუცილებელია საქართველოს ეროვნული ინტერესების დასაცავად.

"უსამართლო იქნება ჯოხის გადატეხვა ერთ პიროვნებაზე. ბატონი აბაშიძის დამოკიდებულება ასახავს ჩვენი ხელისუფლების პოლიტიკას, რომელიც ჩამოყალიბდა ოთხ წელზე მეტია და მისი შინაარსი არის ერთადერთი - არ გავაღიზიანოთ რუსეთი, არ გაგვიბრაზდეს რუსეთი და თუ ჩვენ არ ვიტყვით არაფერს, პრობლემები თავად მოგვარდება. არ მოგვარდება და ეს პრობლემები მხოლოდ ღრმავდება,“ - განაცხადა ბადრიძემ.

საქართველოს ხელისუფლებას საკუთარ მოვალეობებს ახსენებს, სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის წარმომადგენელიც. ნოდარ ხარშილაძის თქმით, ხელისუფლების დათბობის პოლიტიკამ საქართველოს უარყოფითი შედეგი მოუტანა.

„ყველა მოქალაქეს უნდა გვახსოვდეს, რომ მთავრობას, რომელიც მოგვწონს თუ არ მოგვწონს ხელფასებს ჩვენ ვუხდით და ჩვენ ვინახავთ და ის უნდა გააკეთონ, რაც ქვეყნისთვის არის მნიშვნელოვანი და არა ის, რაც რა ხასიათზე იქნებიან იმას შეეფერება. ძალიან ვთხოვ ყველას ეს დაიმახსოვროს კარგად, რომ ხალხის მიერ არიან დაქირავებული და ხალხის ინტერესებს ემსახურებიან და არა თავიანთ პირად ურთიერთობებს, ყოფილ საბჭოთა ელიტასთან, რომელთან ერთადაც დროს ატარებენ სხვადასხვა კურორტებზე, “- განაცხადა ნოდარ ხარშილაძემ.

ამავე თემაზე
დღის ამბები