05 ნოემბერი 2024,   23:02
ვრცლად
არ არის მიზანშეწონილი, რომ მეწარმეების მიმართ რაიმე ღონისძიება განხორციელდეს - ირაკლი ლექვინაძე

ბავშვთა სამყაროში ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეები შიმშილობას იწყებენ. მათ ბავშვთა სამყაროს მიმდებარე ტერიტორიაზე უკვე გაშალეს კარვები და დაიწყეს საპროტესტო აქცია.

დაზარალებულებთან იმყოფებოდა ადვოკატთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ზაზა ხატიაშვილი, რომელიც აცხადებს, რომ ის დაზარალებულებს სამართლებრივი საკითხების მოგვარებაში ეხმარება.

„არის ერთი ქალბატონი, რომელსაც პოლიციაში ეუბნებოდნენ, უნდა დაწერო, რომ ხანძართან პრეტენზია არ გაქვსო. ანუ ხელისუფლება თუ რაღაც სიბინძურეში არ არის გარეული, რატომ ეუბნება ადამიანს, ეს დაგვიწერეო,“ - განაცხადა ზაზა ხატიაშვილმა.

განცხადება ამ საკითხთან დაკავშირებით გააკეთეს მერიაში. თბილისის მერის მოადგილე აცხადებს, რომ მერიის ვალდებულება არ არის კომპენსაციით უზრუნველყოს დაზარალებულები, თუმცა მათივე განმარტებით, მერია ყველაფერს აკეთებს, რომ დაზარალებულების დახმარება მოხდეს.

„აქ კომპენსაციის მოცულობა არის საკმაოდ დიდი და ზოგადად არ არის მიზანშეწონილი, რომ მეწარმეების მიმართ, როდესაც საქმე უკავშირდება უბედური შემთხვევების შედეგად მათი ქონების დაზიანებას, რაიმე ღონისძიება განხორციელდეს, რადგანაც ამისთვის ქვეყანაში არსებობს სადაზღვევო სისტემა. რაც შეეხება დღევანდელ შიმშილობის აქციას, ეს ორგანიზებულია ბატონი ზაზა ხატიაშვილის მიერ და მისი ინტერესების შესახებ თქვენ შეგიძლიათ, დაინტერესდეთ. მე ვფიქრობ, რომ მას აქვს უფრო პოლიტიკური ინტერესი ამ აქციების შედეგად, ვიდრე ის, რომ რეალურად ამ ადამიანების პრობლემა გადაწყდეს,“ - განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

დღის ამბები