05 ნოემბერი 2024,   23:08
ვრცლად
ბუნებრივი აირი შესაძლოა გაძვირდეს - ოპოზიცია პასუხისმგებლობას მმართველ გუნდს აკისრებს

ბუნებრივი აირი შესაძლოა, გაძვირდეს - ტარიფები, რომელიც სემეკის თავმჯდომარის მოადგილის განცხადებით, რეალობას არ ასახავს, უახლოეს მომავალში გადაიხედება.

ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისია ბუნებრივი აირის კომპანიების განაცხადების შესწავლას იწყებს. განხილვებამდე ცოტა ხნით ადრე, სემეკ-ში არ გამორიცხავენ, რომ გაზის ფასი გაიზარდოს. მითუმეტეს, რომ ბუნებრივი აირის ტარიფი უკვე 11 წელია, არ გადაანგარიშებულა, ამ პერიოდის განმავლობაში კი ბევრი რამ შეიცვალა, მათ შორის ეროვნული ვალუტის კურსიც.

ტარიფის მატებაზე საუბრობს საპარლამენტო უმრავლესობა. ყოფილი ენერგეტიკოსი ამჟამად კი მმართველი გუნდის წევრი, რევაზ არველაძე, მოსალოდნელ გაძვირებას ასევე ვალუტის გაუფასურებას უკავშირებს. ის დარწმუნებულია, რომ ბუნებრივი აირის საფასური მოიმატებს, თუმცა რამდენით, ვერ აკონკრეტებს.

ლარის გაუფასურებაზე დოლართან მიმართებაში და ამის გამო ჯერ დენზე და ახლა უკვე გაზზე ტარიფების გაზრდაზე საუბრობენ ოპოზიციის წარმომადგენლებიც. ხელისუფლების პოლიტიკური ოპონენტები ქვეყანაში შექმნილ ეკონომიკურ მდგომარებაზე პასუხისმგებლობას სწორედ მმართველ გუნდს აკისრებენ.

ექსპერტების ნაწილი თვლის, რომ მომატებული გადასახადი შესაძლოა, მომწოდებელი კომპანიის მოთხოვნა სულაც არ იყოს და ამით მთავრობა ბიუჯეტის შევსებას ცდილობდეს.

სწორედ ექსპერტების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ბუნებრივი აირის საფასურის გაზრდა გაზაფხულზე ან ყველაზე შორს - ზაფხულში იგეგმება.

 

 

 

ავტორი: ეკა გაგუა 

დღის ამბები