თბილისის საკრებულოს წევრის შვილი პოლიციას უჩივის, პოლიცია კი ამ ბრალდებებს განყოფილების შიდა კამერებში დაფიქსირებულ ჩანაწერებს უპირისპირებს.
ეროვნული ფორუმის თავმჯდომარის, ავთანდილ დავითაძის, შვილის, გიორგი დავითაძის ახსნა განმარტებას გენერალურ ინსპექციაში, თითქმის, სამი საათის განამვლობაში ისმენდნენ. გამოკითხვის შემდეგ ადვოკატს იმედი აქვს, რომ მისი კლიენტის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყება. გიორგი დავითაძე ფიზიკურ შეურაცხყოფაში ვაკე-საბურთალოს პოლიციის სამმართველოს უფროსს, ავთანდილ გალდავას, ადანაშაულებს.
დღის ბოლოს მღებრიშვილის უწყებამ განცხადება გაავრცელა და დავითაძის პოლიციაში შესვლისა და გამოსვლის ამსახველი ვიდეოკადრები გამოაქვეყნა. მასალაში ჩანს, რომ დავითაძე განყოფილებაში სამმართველოს უფროს, ავთანდილ გალდავას, შეჰყავს.
უწყების მტკიცებით, წარსულში არაერთხელ ნასამართლევმა და ამ დროისთვის პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა დავითაძემ პოლიციაში სულ 14 წუთი დაჰყო, განყოფილების დატოვების შემდეგ კი მას ფიზიკური დაზიანება არ აღენიშნებოდა.
დავითაძეს გამოკვლევები წუხელ ელიზაბეთ ბლექველის სახელიბის კლინიკაში ჩაუტრდა. ექიმი ამბობს, რომ მას მძიმე ტრავმები არ ჰქონია, თუმცა გარკვეული დაზიანებები მუცლის არეში აღენიშნებოდა.
საქმე, რომელზე გასაუბრებაც დავითაძესთან სურდათ, სავარაუდოდ, გუშინ საღამოს ბურგერ-ბარში მომხდარ დაპირისპირებას ეხება. დავითაძის ადვოკატი არ უარყოფს, რომ ის პოლიციასთან იმ მეგობრების წასაყვანად იყო მისული, ვისაც იმ დროს ბარში მომხარი დაპირისპირების შესახებ კითხავდნენ. ადვოკატი ამტკიცებს, რომ მისი კლიენტი ჩხუბში არ მონაწილეობდა.
ბარში მომხდარ დაპირისპირებაზეც და გიორგი დავითაძის შესაძლო ცემის ფაქტზეც გამოძიება გრძელდება. დავითაძემ ჩვენება უკვე მისცა. ფაქტების გადამოწმების შედეგად ახლა სამართალდამცავებმა უნდა დაადგინონ, ნამდვილად სცემა თუ არა პოლიციის სამმართველოს უფროსმა საკრებულოს დეპუტატის შვილი.