პატრიარქის ფონდის მმართველი საბჭოს წევრი, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, გიორგი ანდრიაძე აცხადებს, რომ ადმინისტრაციულ საკითხებზე დაპირისპირება მართლმადიდებელ ეკლესიაში ჯერ არასდროს ყოფილა და ეს მსოფლიო ეკლესიის ისტორიამ არ იცის.
„ეკლესიის ისტორია არ იცნობს მსგავსი ტიპის კონფლიქტს, როდესაც საქმე ეხება ადმინისტრაციულ მმართველ ორგანოებს, ეკლესიამ იცის კონფლიქტი და დაპირისპირება მხოლოდ სწავლებით საკითხებზე, დოგმატურ საკითხებზე. ის, რომ ეპისკოპოსი ედავებოდეს ეკლესიის მეთაურს, კათოლიკოს-პატრიარქს, რატომ გყავს ეს მდივან-რეფერენტი და სემინარიაში რატომ არის ეს რექტორიო, ასეთი რამე მსოფლიო ეკლესიის ისტორიამ არ იცის,“ - აცხადებს გიორგი ანდრიაძემ.
მისი აზრით, ეკლესიის წინააღმდეგ მიმართული კამპანია გრძელდება, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციების ჯგუფმა წლების წინ წამოიწყო და ახლა უკვე შიდა დაპირისპირებაზე გადავიდა.
„წლების განმავლობაში სხვადასხვა მეთოდით ხან კონსტიტუციურ შეთანხმებაზე მოახდენდნენ აპელირებას, ხან ეპისკოპოსების ჯიპებზე, სხვათა შორის იმ ეპისკოპოსების ჯიპებზე, რომლებზე სხედან თქვენი კარგი რესპოდენტებიც და ა.შ. “ - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.
მისი აზრით, პატრიარქის გარემოცვისა და გუნდის ასე პირდაპირი ეთერით გამუდმებით „ლანძღვა“, მიუღებელია და სასულიერო პირები ლოცვა-კურთხევის გარეშე თავის გარეშე ასე არ უნდა გამოხატავდნენ.
„ეს ძალები, ეს პიროვნებები, შეიძლება არიან მსხვერპლი გარკვეული პოლიტიკოსების ზეწოლისა და შეკვეთისა. სხვა ვარიანტში სრულიად წარმოუდგენელია, ავადმყოფი, ნაოპერაციები პატრიარქი ბერლინში იყოს და კურთხევის გარეშე გამოდიოდე 4-ჯერ, 5-ჯერ და 6-ჯერ,“ - განაცხადა მან.
გიორგი ანდრიაძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფო დაფინანსება მიდის მხოლოდ და მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებებში. მისი აზრით, ამ თემაზე მხოლოდ არასამთავრობო ორგანიზაციები და პოლიტიკოსები „ცალ კარში საუბრობენ“.
„სასულიერო პირები ერიდებიან, ისინი თქვენ გაგცემენ აკადემიურ პასუხს, ისინი არ ილაპარაკებენ ჟარგონებით, ვიღაცა ოქროს თევზია, ვიღაცას მხევალი ჰყავს და ა.შ. არ ამბობენ ამას და თითქოს დაჩაგრულები არიან და არიან ინფორმაციული შეტევისა და წნეხის ქვეშ ეს სასულიერო პირები,“ - განაცხადა გიორგი ანდრიაძემ.