05 ნოემბერი 2024,   23:10
ვრცლად
„ხელისუფლებამ იჩქარა, აშკარა არის, რომ გამოუცდელები არიან,“- მეუფე ანტონი ე.წ. ციანიდის საქმეზე საუბრობს

სინოდის ექვსი წევრი და სასულიერო პირების დელეგაცია მეორე დღეა ბრიუსელში გაცნობით შეხვედრებს მართავენ. საპატრიარქოს წარმომადგენელი ნატო-სა და ეროკავშირის სტრუქტურების ფუნქციონირებას ეცნობიან.

მიუხედავად იმისა, რომ დელეგაციის წევრების განცხადებით, ისინი ე.წ. ციანიდის საქმეზე სრულ ინფორმაციას არ ფლობენ, გარკვეული შეფასებები მაინც გაკეთდა.

მეუფეები აღნიშნავენ, რომ საკმაოდ მცირე ინფორმაციას ფლობენ ამ საკითხთან დაკავშირებით.

მეუფე ანტონმა აღნიშნა, რომ თუკი გამოძიებას კონკრეტული მტკიცებულებები გააჩნია, ისინი აუცილებლად უნდა გასაჯაროვდეს.

„ხელისუფლებამ იჩქარა, აშკარა არის, რომ გამოუცდელები არიან. ვინც ძველი გამომძიებელია, ვინც ძველი მუშაკი, ის ასე არ გააკეთებდა, თუკი მტკიცებულებები არის, რა თქმა უნდა, არაფრით არ შეიძლება მისი მიჩუმათება. არ შეიძლება ასეთი კითხვის ნიშნის ქვეშ დატოვო, იმიტომ რომ ბრალდება სერიოზულია,“- განაცხადა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა.

კომენტარი გააკეთა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმაც, რომელმაც განაცხადა, რომ ე.წ. ციანიდის საქმეზე, დასკვნების გამოტანის საშუალებას არსებული მწირი ინფორმაცია არ აძლევს.

„თუ რამე ბრალდება არის ეკლესიაში, უპირველესყოვლისა, ეკლესიამ შიგნით უნდა განიხილოს ყველაფერი. შიგნით არაფერი არ უნდა იყოს დამალული და გადაწყვეტილებები აუცილებლად უნდა იყოს ღია ყველასათვის. მაგალითად, ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა მოხდა, მე როგორც საქართველოს ეკლესიის წმინდა სინოდის წევრმა, არ ვიცი, ინფორმაცია არ მაქვს,"- განაცხადა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა მეუფე მელქისედეკმა.

ავტორი: თამარ ნუცუბიძე.

დღის ამბები