საქართველოს სახალხო დამცველი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ე.წ. მოსმენების კანონპროექტს უარყოფითად აფასებენ. მათი აზრით, უმჯობესი იქნებოდა ამ საკითხის განხილვის პროცესში ოპოზიციის, ექპერტებისა და სახალხო დამცველის მეტი ჩართულობა ყოფილიყო.
„ზოგადად, კონსულტაციები და დამატებითი კონსულტაციები არის ძალიან მნიშვნელოვანი. საერთოდ ეს ჯგუფი ცოტა ფორსირებულ რეჟიმში მუშაობდა და უფრო მეტი კონსულტაციები და უფრო მეტი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანი იქნებოდა. კანონპროექტის იმ ვერსიას, რომელიც პარლამენტში არის ინიცირებული, სახალხო დამცველი უარყოფითად აფასებს,“ - აცხადებს საქართველოს სახალხო დამცველის საპარლამენტო მდივანი, ეკა ფოფხაძე.
ნაციონალურმა მოძრაობამ დღეს პარლამენტს ე.წ. მოსმენების კანონპროექტის ახალი ვერსია შესთავაზა, რომელის მიხედვით, აუცილებელია შეიქმნას ცალკე სტრუქტურა, რომელიც ანგარიშვალდებული იქნება პარლამენტის წინაშე, მეორე გასაღები კი უნდა ჰქონდეს სასამართლოს. ოპოზიციის აზრით, 3 ადამიანს, სახალხო დამცველს, მმართველი გუნდის წარმომადგენელსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრს უნდა ჰქონდეს წვდომა და მონიტორინგის საშუალება ფარულ ჩანაწერებზე.
ამ ინიციატივაზე სახალხო დამცველს ჯერ კონკრეტული პოზიცია არ დაუფიქსირებია.
პარლამენტი ფარული მიყურადების კანონპროექტს დღეს განიხილავს.
ავტორი: ნატა მახვილაძე.