ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას, ე.წ. მოსმენების კანონპროექტის თაობაზე, მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველო მხარს არ დაუჭერს. დღეს ენმ-მა პარლამენტს ახალი კანონპროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, ფარულ ჩანაწერებზე წვდომა სახალხო დამცველს, უმრავლესობის წარმომადგენელსა და საპარლამენტო უმცირესობის წევრს უნდა ჰქონდეს.
მოძრაობა თავისუფლებისთვის - ევროპული საქართველოს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ მათ ფარული მიყურადების კანონპროექტის საკუთარი ვერსია აქვთ, რომელშიც მონიტორინგის მეტი ბერკეტი არის ჩადებული, რათა სააგენტოს საქმიანობა, რომელსაც მოსმენების გასაღები ექნება, დამოუკიდებელი იყოს.
ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას უმრავლესობაში არ ეთანხმებიან.
„ამ პროცესში სხვადასხვა ფორმით ჩართული არის სასამართლო ხელისუფლება, პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი, თავად პარლამენტი იქნება ჩართული, მაგრამ ისე, რომ კონკრეტულ წევრს ამის შესაძლებლობა ჰქონდეს, ნაკლებად წარმომიდგენია,“ - განაცხადა პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ, გიორგი კახიანმა.
ავტორი: ნატა მახვილაძე.