გალში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამმხრივი შეხვედრა დღეს უშედეგოდ დასრულდა. ენგურის ხიდზე ქართულ მხარეს გიორგი ლუკავას ოჯახი დახვდა, თუმცა დელეგაციის განმარტებით, საქმეზე კონკრეტული პასუხები შეხვედრისას ვერ მიიღეს.
ლალი ბასარია ამტკიცებს, რომ მისი მეუღლე საოკუპაციო რეჟიმმა შეიწყალა და მის გაცვლას ითხოვს, თუმცა ქართული მხარე ამ შემოთავაზებას არ თანხმდება.
„აფხაზურმა მხარემ შეიწყალა ლუკავა გიორგი, რამდენადაც ჩვენ გვაქვს ინფორმაცია. პრეზიდენტმა მოაწერა ხელი, დეფაქტო ხელისუფლების უშიშროების მინისტრი შევიდა და უთხრა, რომ შეწყალებულია ლუკავა გიორგი, მაგრამ ქართულ ხელისუფლებას, რამდენადაც ვიცით, ისეთ ადამიანს ითხოვენ, რომელიც არ უღირს ალბათ ლუკავა გიორგიზე გაცვალონ და როგორც ის 4 რუსი აჩუქეს, გაყიდეს, თუ გაასხვისეს, ამაში არ ვარ ჩაძიებული, ისე უნდათ, რომ ის ვიღაცა გაყიდონ და ჯიბეები გაისქელონ,“ - განაცხადა ლალი ბასარიამ.
ლუკავას შეწყალებასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში. უწყებაში აცხადებენ, რომ შეხვედრაზე ინფორმაცია მხოლოდ ლუკავას ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მდგომარეობის შესახებ მიიღეს.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის კახაბერ ქემოკლიძის განცხადებით, შეხვედრაზე გათავისუფლებასთან დაკავშირებით რაიმე მკაფიო პოზიცია არ დაფიქსირებულა და მისი თქმით, ერთადერთი რაც განაცხადეს იყო ის, რომ გიორგი ლუკავას ბრალი ედება საკმაოდ მძიმე დანაშაულებში.
„მის ე.წ. ბრალთან დაკავშირებით არის ბევრი კითხვის ნიშანი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობას შეიძლება ემუქრებოდეს საფრთხე. მის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, გვაქვს ჩვენ გარკვეული შეშფოთების მიზეზები,“ - განაცხადა კახაბერ ქემოკლიძემ.
ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პოლიტიკური საბჭოს წევრმა კოტე იოსელიანმა, რომელმაც ხელისუფლება რუსულ სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაში დაადანაშაულა.
„დარწმუნებული ვართ, რომ მათ ზუსტად იციან რა ვითარებაა, მაგრამ დავალება აქვთ მიღებული ისეთი, რომ არანაირი წინსვლა ამ მიმართულებით არ იყოს. ხელისუფლება უკვე ღიად თანამშრომლობს რუსულ სპეცსამსახურებთან,“ - განაცხადა კოტე იოსელიანმა.
გიორგი ლუკავას მეუღლე ხვალიდან შიმშილობის დაწყებას გეგმავს.