რუსთავი 2 -ის წინააღმდეგ მიმდინარე სასამართლო პროცესები Amnesty International-ის ანგარიშში მოხვდა. საერთაშორისო ორგანიზაცია საქართველოში სასამართლოს დამოუკიდებლობის ნაკლებობაზე აკეთებს აქცენტს და ერთ-ერთ საქმედ სწორედ რუსთავი 2-ის სასამართლო პროცესები სახელდება.
დოკუმენტში ასევე მოხვდა კაბელების საქმე, კორცხელის ინციდენტი და ფარული ჩანაწერების გავრცელება. დოკუმენტში საუბარია სამართალდამცველების მხრიდან უფლებების შელახვის ფაქტებზეც და აღნიშნულია, რომ ხელისუფლებამ დღემდე ვერ მოახერხა დამოუკიდებელი საგამოძიებო უწყების შექმნა, რომელიც ასეთ ფაქტებზე მოკვლევას ჩაატარებს.
ადამიანის უფლებების დამცველი ავტორიტეტული ორგანიზაცია ასკვნის, რომ მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სასამართლო პროცესებში პოლიტიკური ჩარევა შეშფოთების საგნად რჩება.
დოკუმენტში წერია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლომ მხარი დაუჭირა ქვედა ინსტანციის გადაწყვეტილებას ოპოზიციური ტელეარხის მფლობელობის გადაცემასთან დაკავშირებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ დავა სარჩელის ხანდაზმულობის ვადის გასვლის შემდეგ დაიწყო და ფართოდ მიჩნეული იყო, რომ მას მოქმედი მთავრობა მხარს უჭერს.
Amnesty International-ის ანგარიშში ასევე საუბარია უმცირესობების უფლებებზე, კერძოდ პრალამენტში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ კანონპროექტის ირგვლივ განხილვებზე.
ამასთანავე, დოკუმენტში ოკუპირებული ტერიტორიების ადმინისტრაციულ საზღვართან არსებული ვითარებაა შეფასებული. ანგარიშში წერია, რომ რუსი სამხედროებისა და დეფაქტო ხელისუფლების მხრიდან გრძელდება ადამიანთა გატაცებებისა და წამების ფაქტები, საუბარია ოთხოზორიას მკვლელობის ფაქტზე.
ადგილობრივი ორგანიზაციები ამბობენ, რომ ეს ანგარიში ქვეყნის მოქმედი არასმთავრობო ორგანიზაციების შეშფოთებას მთელ რიგ საკითხებზე ემთხვევა.
უმრავლესობაში აცხადებენ, რომ დოკუმენტს ჯერ არ იცნობენ. ხოლო უმცირესობა მათ და ხელისუფლებას ურჩევს ანგარიშს დეტალურად გაეცნონ, რათა საკუთარი შეცდომების შესახებ მეტი გაიგონ.
ავტორი: სოფო ზურაბიანი