საკრებულოს ოპოზიცია რუსთავი 2-ის საქმის განმხილველი კოლეგიის თავმჯდომარისთვის მილიონიანი ქონების გადაცემის საკითხზე დავით ნარმანიასგან განმარტებებს ელოდება.
რიგგარეშე სხდომაზე მერის დაბარების აუცილებლობა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც გუშინ ოპოზიციის მიერ ორგანიზებული შეხვედრა ნარმანიას მოადგილეების გამოუცხადებლობის გამო ჩაიშალა.
კანონით გათვალისწინებულ ვალდებულებას თბილისის მერს საკრებულოდან უკვე ორი დღეა ახსენებენ, თუმცა უშედეგოდ. რეგლამენტის დაცვის ნაცვლად, თბილისის მერმა ოპოზიცია ჯერ კიდევ გუშინ პოლიტიკური შოუს მოწყობაში დაადანაშაულა და საკუთარი მოადგილეები ოპონენტებთან შესახვედრად არ გაუშვა.
რეგლამენტი თბილისის მერს და მაღალი თანამდებობის პირებს დეპუტატების 1/5-ის მოთხოვნის შემთხვევაში, საკრებულოში მისვლას ავალდებულებს. ნარმანიას მიერ წესის დარღვევის შემთხვევაში, ოპოზიცია სისხლის სამართლის სავარაუდო დანაშაულზე საუბრობს.
საკრებულოს 4 ფრაქცია და 2 დამოუკიდებელი დეპუტატი ნაზღაიძის ოჯახთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილების გამო, ნარმანიას იმპიჩმენტის აუცილებლობაზეც საუბრობს.
13 დეპუტატის მიერ ხელმოწერილი მოთხოვნა, ნარმანიას საკრებულოში მისვლის შესახებ, მერიაში უკვე გადაიგზავნა. საკრებულო ვალდებულია რიგგარეშე სხდომა 7 დღის ვადაში დანიშნოს.
ავტორი: ეკო მაღრაძე.