05 ნოემბერი 2024,   23:09
ვრცლად
ე.წ. მოსმენების კანონი - უმრავლესობა და უმცირესობა კანონდმდებლობის კონსტიტუციურობაზე ვერ თანხმდებიან

პარლამენტი ე.წ. მოსმენების შესახებ კანონის სასესიო განხილვას განაგრძობს. საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს არ უნდა დაექვემდებაროს ის სააგენტო, რომელსაც ე.წ. მოსმენების გასაღები ექნება ჩაბარებული. უმცირესობაში ასევე ფიქრობენ, რომ უნდა არსებობდეს სააგენტოს მონიტორინგის საშუალება, როგორც დეპუტატების, ისე სახალხო დამცველის მხრიდანაც. ოპოზიცია უმრავლესობის მიერ ინიცირებულ კანონპროექტს ეწინააღმდეგება და ფიქრობს, რომ კანონპროექტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უხეში დარღვევაა.

„სინამდვილეში ვღებულობთ კანონს, სადაც გვისმენენ უფრო მეტს, გვისმენენ უფრო ხარისხიანად, გვისმენენ უფრო ძვირად და თანაც საკუთარი ხარჯებით, ჩვენვე ვაფინანსებთ მონსტრს, უზარმაზარ ორგანიზაციას, ეკონომიკაში რომ ესენი ვერ ერკვევიან, კარგად ვხედავთ, მაგრამ დათვლაც არ იციან, რა დაუჯდება ეს სამსახური თითოეული ჩვენგანის ჯიბეს,“ - განაცხადა პარლამენტის ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, რომან გოცირიძემ.

უმრავლესობაში კი ფიქრობენ, რომ ე.წ. მოსმენების კანონპროექტი, რომელიც უმრავლესობის მიერ არის ინიცირებული, ყველა იმ გამოწვევას პასუხობს, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მოთხოვნებში იყო დაყენებული.  პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, გიორგი კახიანი ფიქრობს, რომ არსებული კანონპროექტი სახელმწიფოს უსაფრთხოებასა და ადამიანის უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

ავტორი: ნინო სამყურაშვილი.

ამავე თემაზე
დღის ამბები