საქართველოს რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი, თამარ კორძაია, 9 არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ, მოსამართლე ნატა ნაზღაიძის ოჯახისთვის 1 მილიონი ლარის ქონების გადაცემის თაობაზე გავრცელებულ განცხადებას მნიშვნელოვანს უწოდებს.
ის ხელისუფლებას ურჩევს ეს განცხადება კარგად წაიკითხოს, რადგან ამ განცხადების ადრესატები სწორედ მთავრობის წარმომადგენლები არიან.
„მინდა ვთქვა, რომ ამ განცხადების ადრესატები არიან სწორედ ხელისუფლების წარმომადგენლები. ისინი, ვინც ამ განცხადებას თავის სასარგებლოდ ახმოვანებდა დღეს, ვურჩევდი, რომ კარგად წაიკითხონ ეს განცხადება. მე მინდა გითხრათ, რომ რესპუბლიკური პარტია და ფრაქცია რესპუბლიკელები აქტიურად მუშაობს ამ საკითხებზე საკრებულოში და არავინ ეჭვქვეშ არ აყენებს იმ ფაქტს, რომ საკრებულომაც ძალიან სერიოზული შეცდომები, თუ დანაშაული არა, შეცდომები დაუშვა, მაგრამ მერიის მხრიდან ცალსახად შეიძლება გვქონდეს საქმე დანაშაულის არსებობის ფაქტთან,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მისი განმარტებით, დღეს არასამთავრობო ორგანიზაციებმა განაცხადეს, რომ უნდა დადასტურდეს, პირდაპირი კავშირი არსებობს თუ არა მოსამართლე ნაზღაიძესთან დაკავშირებით.
„არასამთავრობო ორგანიზაციები ეჭვქვეშ არ აყენებენ კანონდარღვევის არსებობის ფაქტებს,“ - განაცხადა თამარ კორძაიამ.
მისი თქმით, მედიას საკუთარი ფუნქცია უნდა შეესრულებინა და კორუფციის შესაძლო რისკებზე შეკითხვები უნდა დაესვა და ეს ასეც მოხდა.
თამარ კორძაიას აზრით, ქართულ ოცნებას დღეს მოსახლეობის აზრი და ნება "საერთოდ რ ადარდებს“.