საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ პატრიარქის მდივანს თანამდებობიდან გადადგომის შესახებ გადაწყვეტილება პატრიარქთან არ შეუთანხმებია და შესაბამისად, ის ვერ დატოვებდა თანამდებობას. ლაშა ჟვანია მიქაელ ბოტკოველის განცხადებას ემოციურს უწოდებს.
„მამა მიქაელ ბოტკოველის თანამდებობა გახლავთ კონკორდატის თანამდებობა, მამა მიქაელის გათავისუფლება არის პრეროგატივა და სრული კომპეტენცია იმ ადამიანის, რომელიც ნიშნავს მამა მიქაელს, ეს გახლავთ მისი უწმინდესობა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი. მე როგორც ვიცი, მამა მიქაელს მისი ეს ემოციური გადაწყვეტილება მის უწმინდესობასთან არ შეუთანხმებია, ამიტომ, დაველოდოთ, ეს არ არის ცალმხრივი, მამა მიქაელს შეიძლება სურვილი აქვს თანამდებობის დატოვების, მაგრამ მისი უწმინდესობის გადაწყვეტილებას დაველოდოთ,“- განაცხადა ლაშა ჟვანიამ.
თავად მამა მიქაელ ბოტკოველი ადასტურებს, რომ მან თანამდებობა დატოვა.