საპატრიარქოში გვიანობამდე იმყოფებოდა სინოდის წევრთა ნაწილი. სასულიერო პირებმა შენობის დატოვების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. მათ შორის არც მეუფეებმა პეტრე ცაავამ და დიმიტრი შიოლაშვილმა.
დღის ბოლოს პატრიარქის მდივნის მამა მიქაელ ბოტკოველის განცხადებას თანამდებობის დატოვების შესახებ ლაშა ჟვანია გამოეხმაურა. პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, ამ თანამდებობაზე ადამიანს უწმინდესი ნიშნავს და თავადვე ათავისუფლებს.
ჟვანიას მტკიცებით, მამა მიქაელ ბოტკოველმა კი გადაწყვეტილება ილია მეორესთან შეუთანხმებლად მიიღო და ის ჯერ ისევ რჩება ამ პოზიციაზე.
რაც შეეხება პატრიარქის უსაფრთხოების სამსახურის უფროსს სოსო ოხანაშვილს, რომელმაც მამა მიქაელი სიცრუეში დაადანაშაულა, ჟვანიას განცხადებითვე, პატრიარქის დაცვის სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს დაქვემდებარებაშია და გადაწყვეტილებაც ამ უწყებამ უნდა მიიღოს.