ჯერჯერობით ისევ უცნობია, როდის დაკითხავს პროკურატურა პატრიარქის მდივან რეფერანტს, შორენა თეთრუაშვილს. თუმცა, საპატრიარქოს იურისტი ადასტურებს, რომ ამ საკითხზე საგამოძიებო ორგანოდან გუშინ დაუკავშირდნენ, მაგრამ, მისივე თქმით დაზუსტებული არ ყოფილა შორენა თეთრუაშვილის დაკითხვის დრო.
ედიშერ ქარჩავა აცხადებს, რომ საპატრიარქო მზადყოფნას გამოთქვამს, ნებისმიერ დროს მიაწოდონ პროკურატურას ამომწურავი ინფორმაცია.
„საქმის გარემოებები ჩემთვის უცნობია. თუ არის რაიმე შეკითხვები ქალბატონ შორენასთან დაკავშირებით, ჩვენ მზად ვართ, ამომწურავი ჩვენება მივცეთ და დავეხმაროთ გამოძიებას ჩვენთვის ცნობილ გარემოებებთან დაკავშირებით,“ - აცხადებს ედიშერ ქარჩავა.