პროკურატურის გამომძიებლების ე.წ. მატროსოვის ციხეში მისვლა ერთი საათით გადაიდო. გამომძიებლებს ბრალდებული დეკანოზი და მისი უფლებადამცველები ზუსტად 16:00 საათზე ელოდებიან.
ადვოკატების თანდასწრებით, ადგილზევე მოხდება დაკავებული დეკანოზის ხმის ნიმუშის აღება, რომელმაც პროკურატურის მიერ მოპოვებული ფარული ჩანაწერების ნამდვილობა უნდა დაადასტუროს. მამა გიორგი მამალაძის ადვოკატების თქმით, დღის ბოლომდე დეკანოზის სრულად დაკითხვა შესაძლოა ვერ მოესწროს.
„მამა გიორგი მამალაძეს დღეს დიდი ალბათობით ჩაუტარდება ექსპერტიზის ნიმუშების აღება, აქამდე ჩვენ მხოლოდ იმიტომ ვერ მივიღეთ ამაში მონაწილეობა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იყო საკმარისი. ექსპერტიზის ნიმუშების აღების შემდგომ, თუ პროკურატურა გადაწყვეტს, რომ დღეს უნდა მოხდეს მისი დაკითხვა, ჩვენ ვართ მზად, მაგრამ ამას დღეს გადაწყვეტს პროკურატურა თუ მომდევნო დღეებში, ეს უკვე მათზეა დამოკიდებული,“-განაცადა გიორგი მამალაძემ.
უფლებადამცველების განცხადებით, მკვლელობის მომზადების მცდელობისთვის დაკავებული მამა გიორგი მამალაძე ჩვენების მიცემისთვის მზად არის. ადვოკატთა განცხადებით, ჩვენება იქნება ვრცელი და ის საქმის არსს სრულად შეცვლის.
„უნდა ჩაატარონ ექსპერტიზა, არის თუ არა მამა გიორგი ის, ვინც ჩანაწერში საუბრობს. შესაბამისად, როგორც კი დამთავრდება საგამოძიებო მოქმედება, უნდა დაიწყონ წესით მისი დაკითხვა. აუდიო ჩანაწერებს რასაც გავეცანი, იქ ძალიან ბევრ ადამიანთან აქვს, რომლებიც მამაოდ იხსენიებენ, ეტყობა მრევლის წარმომადგენლებიც არიან. მე აუდიო ჩანაწერი არ მინახავს. მამა გიორგი ზუსტად იტყვის, ვისი თხოვნით იყო ეს იარაღი, ვინ თხოვა, რომ შეენახა,“ - აცხადებს მიხეილ რამიშვილი.