ვიცე-პრემიერი, ალექსანდრე ჯეჯელავა ჯერ კიდევ სამშაბათს, საპატრიარქოდან გამოსვლის შემდეგ აცხადებდა, რომ ე.წ. ციანიდის საქმე პატრიარქთან არ განხილულა და ამ თემაზე ილია მეორესთან არავის უსაუბრია. მისი დღევანდელი განცხადებიდან კი ირკვევა, რომ საქმე არა თუ განიხილეს, პატრიარქს და მის გარემოცვას გამოძიების შესახებ ინფორმაციაც სწორედ მან და კახი კალაძემ მიაწოდეს.
სამი დღის წინ საპატრიარქოში გამართული შეხვედრის შემდეგ ალექსანდრე ჯეჯელავაც და კახი კალაძეც ამტკიცებდნენ, რომ მათი ერთადერთი მიზანი, ისევე როგორც მთავარი პროკურორის, პატრიარქის მონახულება იყო.
მთავრობის წევრების მიერ გამოძიების შესახებ პატრიარქის ინფორმირებას არც საპარლამენტო უმრავლესობაში უარყოფენ.
ოპოზიცია კითხვებს სვამს, საიდან აქვთ ხელისუფლების წარმომადგენლებს საქმის მასალებზე წვდომა და გამოძიების მიმდინარე სამუშაოზე. დეპუტატები პროცესში ხელისუფლების უხეშ ჩარევაზე და არაუფლებამოსილი პირების ინტერესზე საუბრობენ.
ე.წ. ციანიდის საქმის გამოძიების პროცესში დარღვევებს ვერ ხედავს იუსტიციის მინისტრი.
ავტორები: ანა წერეთელი, ნინო სამყურაშვილი.