რუსთავი2-ის ექსკლუზიური ინფორმაციით, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის დაცვის სამსახურს ზურაბ ბუჩუკური უხელმძღვანელებს. ის ამ თანამდებობას მას შემდეგ დაიკავებს, რაც მოქმედი ხელმძღვანელი, სოსო ოხანაშვილი, პოსტს დატოვებს.
ზურაბ ბუჩუკური პატრიარქის დაცვის სამსახურში წლებია, მუშაობს. როგორც კონფიდენციალური წყარო საქართველოს საპატრიარქოდან რუსთავი2-ს უყვება, სოსო ოხანაშვილის შემცვლელი პატრიარქს თავად დაცვის წევრებმა შესთავაზეს და ახალი ხელმძღვანელი მათივე რიგებიდან აირჩიეს, რის შემდეგაც ისინი უწმინდესმა დალოცა.
წყაროს ცნობით, სოსო ოხანაშვილი თანამდებობაზე მუშაობას ამ დრომდე განაგრძობს. უახლოეს მომავალში გადაბარების პროცესი დაიწყება და ოხანაშვილი პოსტის დატოვებას მხოლოდ გადაბარების პროცესის დასრულების შემდეგ გეგმავს.