წყალტუბოს რაიონის სოფელ ზედა მესხეთში მცხოვრებ, ერთგული შალამბერიძეს საკუთარ სახლში რამდენიმე პირი თავს დაესხა. ნათესავების გადმოცემით, მას თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, რის შემდეგაც შალამბერიძე თავის მანქანაში ჩასვეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, თავზე ტომარა ჩამოაცვეს და სოფელ ფარცხანაყანების მიმდებარე ტერიტორიაზე, ავტომაგისტრალზე დატოვეს.
დაზარალებულმა თავი მხოლოდ 5 საათის შემდეგ გაითავისუფლა და ბიძაშვილებს დაუკავშირდა, რომლებმაც ერთგული შალამბერიძე პოლიციაში მიიყვანეს. ის ამ დრომდე დაკითხვაზე იმყოფება.
ნათესავების გადმოცემით, თავდამსხმელებმა შალამბერიძეს ადგილზე 5 ლარი და 20 ევრო წაართვეს. ამ დრომდე უცნობია რა გაიტანეს ყაჩაღობის შედეგად სახლიდან.
შალამბერიძის ახლობლები პოლიციას გულგრილობაში ადანაშულებენ. მათი განცხადებით, მამაკაცის ჯანმრთელობის მძიმე მდოგმაროების მიუხედავად, სამართალდამცველებმა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება არ გამოიძახეს. მათივე ინფორმაციით, რამდენიმე თვის წინ შალამბერიძეების სახლში ქურდობა მოხდა, რომელიც ამ დრომდე არ გახსნილა. ამჯერად გამოძიება ყაჩაღობის მუხლით დაიწყო.