დღეს სამგორის რაიონში, გახოკიძის ქუჩაზე სპეცოპერაცია ჩატარდა. კრიმინალურმა პოლიციამ დაადგინა, დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, ფულის გამოძალვის მიზნით, 1974 წელს დაბადებული რ.ა. ლილოს ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფიზიკური ძალის გამოყენებით მისსავე კუთვნილ ავტომანქანაში ჩასვეს და თბილისის ზღვის მიმართულებით გაიტაცეს.
„ბრალდებულები ცხელ კვალზე, მომხდარიდან რამდენიმე წუთში დავაკავეთ. დაკავებულების პირადი და ავტომანქანის ჩხრეკისას ნაგანის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო ვაზნები, ერთჯერადი ხელბორკილი, ცივი იარაღი, დაზარალებულისთვის წართმეული 5 600 ლარი ნივთმტკიცებად ამოვიღეთ,“- განაცხადა სამმართველოს უფროსმა, მამუკა ჭელიძემ.
თვითმხილველების ინფორმაციით, დღეს 12:00 საათისთვის სროლა ისმოდა, სამართალდამცველებმა სამი პირი დააკავეს. ადგილობრივების განცხადებით, დაკავებულები მერსედესის მარკის ჯიპით გადაადგილდებოდნენ და მათ შუა ხნის მამაკაცი ჰყავდათ გატაცებული. სპეცოპერაციის ფარგლებში მისი გათავისუფლება მოხდა.